სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე მიუთითებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა სახალხო დამცველმა, სადაც პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზეა საუბარი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურატურა როგორც მიმალვის, ასევე, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამგვარი რისკები პოტენციურად, შესაძლოა, ყველა სამართალწარმოების ფარგლებში არსებობდეს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

„თუმცა საფრთხე, რომელიც გაამართლებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და თავისუფლების შეზღუდვას, უნდა იყოს კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსტრაქტული საფრთხის პირობებში, პატიმრობის გამოყენება, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება“, - მიიჩნევს სახალხო დამცველი.

პროკურატურა ასევე მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, როდესაც ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით ხელახლა დააკავეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არგუმენტი გაიზიარა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოსამართლეს არ შეუფასებია ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

„სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა“, - ნათქვამია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს ამ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ამ თემაზე:

საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.