სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდნენ. როგორც ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, პაციენტის სომატური სტატუსი გაუმჯობესებულია - წონაში მოიმატა და 77 კილოგრამია, თუმცა ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა იგივე რჩება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისევ იგივე რჩება, ნევროლოგიურიც. ეს ნიშნავს, რომ ცოტა წონაში მოიმატა, 77 კილოა უკვე. ეს მნიშვნელოვანია, რომ მის სასიცოცხლო ფუნქციებს საფრთხე არ ემუქრება, რაშიც დიდი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლებმა, მის ასე დასტაბილურებაში, მაგრამ რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს, ის დაახლოებით იგივე რჩება, როგორიც იყო. როგორც ჩანს, ის დაზიანება, რომელიც თავიდან მიიღო, საკმაოდ მძლავრია. ნევროლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად არ უმჯობესდება ხოლმე. იგივე მდგომარეობაში რჩება ფსიქოლოგიური სტატუსი. მას კვლავ აღენიშნება შფოთვაც, ფორიაქიც, დეპრესიული განწყობაც. ფსიქოლოგიურად არასტაბილურად მიგვაჩნია ისევ და ისევ პაციენტი. ამ მხრივ მისი მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეზისტენტულია ამ მკურნალობის მიმართ“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მუდმივად სჭირდება ფსიქოლოგიური ინტერვენცია, მათ შორის, ფსიქოთერაპია, „რაც ვერ ხერხდება არსებულ მდგომარეობაში“.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემს.
„ციხეში დაბრუნებას, კლინიკიდან გაწერის სახით, წყვეტს მკურნალი ექიმი ან ის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობას კურირებს და არავინ სხვა, მათ შორის, არც ჩვენ. ჩვენ შეიძლება რჩევა მივცემთ. მკურნალი ექიმი თუ გადაწყვეტს, უნდა გაეწეროს, თუ არ გადაწყვეტს - არა. ჩვენ მკურნალ ექიმთან ვისაუბრეთ და მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება.
მიმაჩნია, რომ ის ფსიქოლოგიურად არასტაბილურია და მის გაწერას მოჰყვება ის, რომ ისევ უკან დაბრუნდება გაწერიდან რამდენიმე დღეში თუ არა, რამდენიმე კვირაში მაინც. ჩვენი მანდატი ეს არ არის, მაგრამ ჩვენი მოსაზრებაა. მე რომ ვიყო მისი მკურნალი ექიმი, ამ ეტაპზე ადგილს არ შევუცვლიდი. რამდენადაც ვიცი, მკურნალი ექიმიც ასე ფიქრობს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
ექიმთა ჯგუფი დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად, პალატიდან, დისტანციურად მონაწილეობს სასამართლო სხდომებში. ერთ-ერთი ბოლო პროცესის შემდეგ, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მოითხოვა. პარტიის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი პალატიდან პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახალი გაერთიანების გეგმას და მოსამართლეს ის არ გაუჩერებია, რაც დარღვევაა. გახარიას პარტიას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ ამის უფლებას „ქართული ოცნება“ აძლევს.
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მესამე პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისიდან ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დასაბრუნებლად საჭიროა ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.