საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტისა და მეათე მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 2 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 28 და 29 ნოემბერს გაიმართა, ხოლო განჩინება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება, დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელები, არსებითად განსახილველად მიღებისათვის, საკმარისად დასაბუთებული არ იყო. საარჩევნო პროცესში ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო ამბობს, რომ გასაჩივრებული ნორმებიდან არც ერთი არ მიუთითებს, რომ არჩევნების პროცესში, რაიმე ფორმით, დასაშვებია ხმის მიცემის ფარულობიდან გადახვევა ან/და ბიულეტენის/მარკერის იმ ფორმით შერჩევა, რომ არჩევანის გაკეთების შემდეგ იგი აღქმადი იყოს ბიულეტენის ორივე მხრიდან.
„მოსარჩელე მხარის პოზიციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი და მარკერი ისე იყო შერჩეული, რომ ამომრჩევლის მიერ შესაბამისი კანდიდატის გასწვრივ არსებული წრის გაფერადების შემდეგ, გაფერადებული ადგილი აღქმადი იყო საარჩევნო ბიულეტენის როგორც წინა, ასევე უკანა მხრიდან. შესაბამისად, სარჩელში მითითებულია, რომ ხმის მიცემისას, აპარატში ბიულეტენის შეცურების დროს საარჩევნო ურნასთან ახლოს მდგომი პირისათვის, გარკვეული ხარისხით, აღქმადი იყო გაკეთებული არჩევანი (შეიძლება არ ყოფილიყო აღქმადი ზუსტად ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, თუმცა იდენტიფიცირებადი იყო, ხმა მისცა მმართველ პარტიას თუ ოპოზიციას, ასევე, ზოგადად, გააკეთა თუ არა არჩევანი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ).
სადავო ნორმების კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის დასასაბუთებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს სადავო ნორმებიდან, წარმოადგენს მათი მოქმედების და არა საარჩევნო ადმინისტრაციის ქცევის შედეგს. კერძოდ, მან უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმები ადგენდა ბიულეტენის ან/და მარკერის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ფორმით შექმნისა და გამოყენების წესს, სადავო ნორმების საფუძველზე მოწესრიგებული კენჭისყრის ჩატარება, ფარულობის დაცვით, შეუძლებელია ან/და სახეზეა ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო ქცევის პირობებში ამ ნორმების საფუძველზე საარჩევნო პროცესის წარმართვა ხმის ფარულობის დარღვევას გამოიწვევდა. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელებიდან არ იკვეთება არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს ხმის ფარულობასთან დაკავშირებით სადავო ნორმებიდან მომდინარე პრობლემაზე, შესაბამისად აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართება საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებს (ბიულეტენის ან/და მარკერის შერჩევას) და არა თავად სადავო ნორმების შინაარსს.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს პროცედურის დამდგენი ნორმების არაკონსტიტუციურობაზე, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის დასაბუთებული, რომ ხსენებული პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები, რაიმე ფორმით, ადგენს ხმის მიცემის ფარულობიდან გადახვევას ან/და ქმნის ისეთ წესრიგს, რომელიც ხმის ფარულობის დარღვევას თავისთავად მოიაზრებს. ამდენად, ირკვევა, რომ მოსარჩელე, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად დავობს არა სადავო ნორმების საფუძველზე რაიმე დარღვევაზე, არამედ ცესკოს მიერ საარჩევნო ბიულეტენისა და მარკერის არასათანადოდ შერჩევაზე. ხსენებული მოქმედების კონსტიტუციურობის შეფასება კი სცდება ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების ფარგლებს“, - აცხადებს სასამართლო.
მოსარჩელე მხარე დაობდა იმაზეც, რომ საზღვარგარეთ ცესკომ ვერ/არ უზრუნველყო საარჩევნო უბნების საქართველოს მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს გახსნა, რითაც მათთვის ხელმიუწვდომელი გახადა არჩევნებში მონაწილეობა. ამავე დროს, მიუთითებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციაზე (საქართველოში ან საზღვარგარეთ მცხოვრებ) იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებისთვისაც საარჩევნო უბანი გაიხსნა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
„მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, მოქალაქეებს, ბუნებრივია, უწევთ საარჩევნო უბნებთან მისვლა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, მარკირების გავლა და სხვა. შესაბამისად, ხმის მისაცემად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება გარდაუვალი, რიგ შემთხვევებში კი სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესება, მათ შორის, ამა თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად, საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს. უფლების დარღვევა შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს, გონივრული რესურსების გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოეხდინა საარჩევნო გეოგრაფიის უფრო ფართო დაფარვა, დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა არჩევნების სათანადოდ ორგანიზების პირობით და მან ეს არ განახორციელა. სწორედ ხსენებული გარემოება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში.
მოსარჩელე მხარის მითითება საქართველოს მოქალაქეებს შორის დისკრიმინაციაზე, ასევე მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას. ბუნებრივად შეუძლებელია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის იმ ხარისხით უზრუნველყოფა, როგორითაც ეს ხორციელდება საქართველოში. მაგალითად, მხოლოდ ევროკავშირისა და აშშ-ის ტერიტორია, დაახლოებით, ორასჯერ აღემატება საქართველოს ტერიტორიას, ამდენად, საზღვარგარეთ 3000 უბანიც რომ გაიხსნას, მოქალაქეებისათვის უბნამდე მისასვლელი საშუალო მანძილი მაინც ორასჯერ მეტი იქნება, ვიდრე ეს საქართველოშია. ამდენად, საარჩევნო უბნების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარეთ მცხოვრები მოქალაქეები შედარებად სუბიექტებს არ წარმოადგენენ. გონივრულობის ფარგლებში, შეუძლებელია, სახელმწიფოს მოეთხოვებოდეს, საცხოვრებელი სახლიდან საარჩევნო უბნამდე მანძილის თვალსაზრისით, ერთი და იმავე ხარისხით უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის ხელმისაწვდომობა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ.
ზემოთ ხსენებული მაგალითი ასევე ნათლად მოწმობს, რომ საზღვარგარეთ შეუძლებელია უბნების ისე გახსნა, რომ მათ შორის დაშორება რამდენიმე ასეული კილომეტრი არ იყოს. შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი ადგილიდან საარჩევნო უბნებზე გასავლელ მანძილებს შორის არსებითი განსხვავების არსებობაც ასევე აუცდენელია. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მოქალაქეებს შორის დისკრიმინაციაზე მითითება არ უკავშირდება არც სადავო ნორმების მიზნებს და არც მათი მოქმედების შედეგებს. არჩევნების საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მეთოდით ჩატარების შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის არსებითად განსხვავებული სირთულის არსებობა პრაქტიკულად გარდაუვალია“, - ვკითხულობთ განჩინებაში.
განჩინება პლენუმის წევრებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინე იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს. მას თან ერთვის ორი მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.