თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. რექტორის არჩევნები 18 ნოემბერს გაიმართება. აკადემიური საბჭო რექტორს 4 წლის ვადით აირჩევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სამხატვრო აკადემიაში განმარტეს, რომ რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადებს 6 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იღებდნენ და ქუთათელაძის გარდა განაცხადით სხვას არ მიუმართავს.
ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სამხატვრო აკადემიის ხუთივე ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროგრამების (სამივე საფეხურის) რეაკრედიტაციას და ახალ სასწავლო პროგრამებზე მუშაობას. საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას არსებულ პარტნიორებთან, ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან და ახალი კავშირების დამყარებას. აკადემიის ინტერნაციონალიზაციის ხელისშეწყობას და უცხოენოვანი პროგრამების აკრედიტაციას. პროფესიული პროგრამების შექმნასა და დანერგვას სხვადასხვა ფაკულტეტებზე (მაგ. დიზაინის, რესტავრაციის, სახვითი ხელოვნების და ა.შ. მიმართულებით). მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, სახელოსნოების, სასწავლო და საგამოფენო სივრცეების მოწყობას. კურდამთავრებულთა (ალუმნის) ბაზის შექმნას და მათი კარიერის განვითარების ხელშეწყობას. სტამბის დაარსებას და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას. უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმნას და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ლიტერატურის უზრუნველყოფას.
მხატვარი ყარამან ქუთათელაძე ფესტივალ „Fest i Nova-ს“ დამფუძნებელია. „Fest I Nova“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ყარამან ქუთათელაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში 2000 წელს დაარსა არტ-ვილა „გარიყულა“, რომელსაც თვითონ მართავს. მულტიფუნქციური ცენტრი აერთიანებს არტისტების კომუნას, რეზიდენციას, საგამოფენო სივრცესა და ალტერნატიული განათლების ცენტრს.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასულ წელს განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს არტ-ვილა „გარიყულას“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მის განვითარებაზე.
სამხატვრო აკადემიას 2014 წლიდან გიორგი გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ის ორჯერ იყო არჩეული და უფლებამოსილების ვადა 4 ოქტომბერს ამოეწურა.
წელს, სექტემბერში, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამხატვრო აკადემიის მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოთქვა.
„ჩვენ გვაქვს ძეგლთა დაცვის მიმართულებით მწვავე დეფიციტი პროფესიებში და როდესაც ვსვამთ კითხვას, გვესმის, რომ ნუ, ბუღაძის დროს ასე ჩაითვალა, რომ რესტავრაციის ფაკულტეტი აღარ იყო საჭირო და გაუქმდა. შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლოს, უფრო სწორად ნოემბერში, ვგეგმავთ რესტავრაციის ფაკულტეტის აღდგენას სამხატვრო აკადემიაში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ქანდაკების ფაკულტეტის აღდგენას სამხატვრო აკადემიაში, რომელიც გაუქმებულია ასევე იმ დიდი ეპოქის დროს, როდესაც „დიდი რეფორმები“ ხორციელდებოდა ძალიან კომპეტენტური ხალხის მიერ. ასევე არის პრობლემა იმისა, რომ აკადემიაში არ არის საკმარისი საკადრო რესურსი, ვგულისხმობ ადგილების ოდენობას, თორემ ვფიქრობ, კომპეტენტური კადრები კიდევ მოიძებნებოდა.
ჩვენ გვაქვს მზად ბიუჯეტი, რომ ნოემბრიდან დავამატოთ საკადრო რესურსი, ვგულისხმობ აკადემიურ პერსონალს და შევქმნათ მინიმუმ ეს ორი ახალი ფაკულტეტი. მაგრამ, ამისათვის საჭიროა, აკადემია გახდეს ჩვენი პარტნიორი. დღეს აკადემია ჩვენი პარტნიორი არ არის.
სამხატვრო აკადემია ატარებს აკადემიური პერსონალის არჩევნებს და 4 ოქტომბერს, აკადემიის რექტორს ეწურება მისი ვადა. 5 ოქტომბერს, აკადემიას, მე ვვარაუდობ, რომ უკვე ეყოლება სხვა პირი, რომელიც რექტორის მოვალეობას შეასრულებს მანამ, სანამ არ იქნება არჩეული ახალი რექტორი. მოქმედი რექტორი ვეღარ იყრის კენჭს, ვინაიდან ის მეორედ არის თავის პოზიციაზე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებითვე, სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა აუდიტი და არსებობს კორუფციის სერიოზული ნიშნები, რის გამოც სამინისტრო დასკვნას საქართველოს პროკურატურაში აგზავნის, ეს ეხება მშენებლობის ნაწილს და ბევრ სხვა ფინანსურ პროექტს.