ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებენ და ვიდრე ეს პარტია არსებობს, პოლარიზაცია იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რუხაძემ ეს განცხადება მედიამენეჯერებსა და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ასევე მოვიაზრებ იმ პარტიებს, რომლებიც ოდესღაც მისი ნაწილი იყო, იგივე „ფორმულას“ უკან ვინც დგას, „მთავარი არხის“ უკან ვინც დგას, „ტაბულას“ უკან ვინც დგას, ამ ხალხს, იქამდე, რა თქმა უნდა, ვიქნებით პოლარიზებული იმიტომ, რომ ქვეყნის 1/10 ციხეში ჩასვეს“, - უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ შეკითხვაზე, მიიწვევენ თუ არა „იმედის“ ეთერში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რუხაძემ თქვა, რომ ის „იმედის“ მფლობელია და არა დირექტორი.
„ტრამპიც არ დადის, არც დებატებში მონაწილეობს, მაგრამ მშვენივრად არის ამერიკის არჩევნებში. მე ვერ ვიტყვი, რატომ მიდის ვიღაც და რატომ არ მოდის ვიღაც. მე, მაგალითად, „ფორმულას“ მფლობელს ფეხს არ შემოვადგმევინებ „იმედზე“, არასდროს. ქალბატონი გიული ალასანია ერთ-ერთი თანამფლობელია „მთავარი არხის“ და რა თქმა უნდა, მას და ვინც მასთან არის ასოცირებული, ფეხს არ შემოვადგმევინებ „იმედზე“. გიორგი ვაშაძეს ფეხს არ შემოვადგმევინებ. მაგის გამო დავკარგე ყველაფერი, როცა ეგ იყო რეესტრის უფროსი. მე, ამერიკის მოქალაქეს, გადამიკეთეს, ამერიკის სამოას მოქალაქე ხარო და აქტივები დავკარგე. გიორგი ვაშაძეს ფეხს როგორ შემოვადგმევინებ?!
სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი, მისი პარტია, ვაშაძეები და ესენი, პოლარიზაცია იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ეს ხალხი უკან დაბრუნდეს. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რას გააკეთებენ, ნანახი მაქვს ეგ კინო. არცერთი არ იარსებებდით სააკაშვილის დროს. თქვენ რომ არსებობთ, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
მე „იმედი“ წამართვეს 2008 წელს. კეზერაშვილი შეგვხვდა, მითხრა „ბორჯომი“ უნდა გადაუფორმო ჩემს მეგობარსო. უარი ვუთხარი და მეორე დღეს მანქანა ამიფეთქეს. ეს კაცი არ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში“, - თქვა „იმედის“ მფლობელმა.
მედიამენეჯერების ინფორმაციით, პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ირაკლი რუხაძემ NDI-ის დელეგაციასთან შეხვედრის დროსაც გააკეთა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ნაკაშიძის თქმით, რუხაძემ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიები გალანძღა: „ჩვენ და სხვა მედიებს დაგვაბრალა, რომ მარტო პოლიტიკურ მიზნებს მივდევთ და ვიტყუებით. ყველაზე მეტად წყობიდან გამომიყვანა იმან, რომ თქვა, ლექსო ლაშქარავა დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალაო. ძირითადად გვლანძღავდა ყველას და ლაპარაკობდა სააკაშვილის დროზე“, - აღნიშნა ნაკაშიძემ.
NDI-ის დელეგაცია ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისში განმარტეს, რომ დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს, მანამდე კი მედიასთან კომენტარი არ გაკეთდება.