ოკუპანტებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი კიდევ ერთხელ დააკავეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლაშა ხეთერელი, 2023 წლის 28 თებერვალი, სუს-ის ფოტო

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უკანონო დაკავება სოფელ დისევის მიმდებარედ მოხდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ დააკავეს. 25 წლის ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. ბოლოს ის 2021 წლის 24 დეკემბერს იყო დაკავებული. 2022 წლის 6 აპრილს ე.წ. ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ და ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხეთერელი ცხინვალის ციხიდან პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, 2023 წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს.

ლაშა ხეთერელი უკანონოდ იქნა დაკავებული 2020 წლის 30 ივნისსაც, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში თითქმის ერთი წელი გაატარა და 2021 წლის 16 ივნისს გათავისუფლდა.

დაკავების ერთ-ერთი შემთხვევა 2014 წელს მოხდა, როდესაც ხეთერელი არასრულწლოვანი იყო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ლაშა ხეთერელის მორიგი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.

„ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებენ სუს-ში.

გუშინ, 4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა გაიმართა. როგორც სუს-ში განაცხადეს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.