თბილისის საქალაქო სასამართლომ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართული აქციების მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სანაცვლოდ, 20 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების თაობაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის თქმით, საქმეში არ არსებობდა ახალი გარემოებები, რაც უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა:
„განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული იყო გირაო ძალადობრივი დანაშაულისა და ნივთის დაზიანებისთვის. გირაოს მიზანი არის ის, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს. სწორედ ახალი დანაშაული იქნა ჩადენილი ბრალდებულის მხრიდან და ამ ნაწილში, ლოგიკურია, რომ ერთხელ უკვე გამოყენებული გირაოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძების მიზნების მიღწევა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. 3000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი მის სათანადო ქცევას ვერ უზრუნველყოფდა“.
ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის გარდა, სახელმწიფო ბრალდება მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზეც საუბრობდა.
„დაკავებამდე, ერთი თვის განმავლობაში მიმალვა რომ მდომებოდა, მივიმალებოდი. ტანსაცმელი დაკავებისას რაც მეცვა, ის მეცვა აქციაზე“, - თქვა გრიგორიადისმა სასამართლო პროცესზე.
მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება შაბლონური, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედება. საქმის მასალების მიხედვით, 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ლაზარე გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის შედეგადაც ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. გარდა ამისა, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შსს-ს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ავტომობილის დაწვით სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. პროკურატურამ მტკიცებულების სახით აქციებზე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ კადრებში ასახული ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის პროცესიც გაიმართა. სასამართლოს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. აკოფაშვილს 3000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი გახილვა 8 მაისს დაიწყება, ხოლო თორნიკე აკოფაშვილის საქმეზე პროცესი 15 მაისს არის ჩანიშნული.