შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის და შსს-ს კუთვნილი მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სამინისტრო თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული და ამჟამად განსასჯელია.
რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ გრიგორიადისი წარსულში სახდელდადებულია და ამჟამადაც განსასჯელია, დაკავებულის ბაბუის თქმით, მისი შვილიშვილი 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე დააკავეს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებაზე, ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი და მამა ერთად არ ცხოვრობენ, მამა მათ რამდენჯერმე მიუვარდა სახლში, შვილიშვილი თავს იცავდა კონფლიქტის დროს და ამ დროს დაჭრა მამა.
შსს-ს განცხადებით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები განახორციელეს.
7-9 მარტს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები.
პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებული იყო აქციის ერთი მონაწილე.
პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 9 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდო.