რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოდიშის მოხდის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. კოკოითმა კვლავ მიანიშნა, რომ მხოლოდ ბოდიში საკმარისი არ არის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დიახ, ჩვენ პრეტენზიები გვაქვს. არა მხოლოდ ბოდიში, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზიები და ჩვენ სერიოზულად დავაყენებთ თრუსოს და გუდოს ხეობების საკითხს, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ის ტერიტორიებია, რომლებიც ქართულ მხარეს გადავიდა და თქვენ წარმოგიდგენიათ იქ რა ხდება? ჩვენთვის, ოსებისთვის, როგორც მთიელებისთვის, როგორც კავკასიელებისთვის, საკურთხეველი და სასაფლაო წმინდაა. კავკასიაში მიუღებელია ბრძოლა საკურთხეველთან და სასაფლაოსთან. ქართველები ამ საკურთხევლებს ანგრევენ, სასაფლაოებს თხრიან, იღებენ ოსების თავის ქალებს და დებენ, თითქოს... აშენებენ რაღაც საკურორტო დაწესებულებებს. მათ ჰგონით, რომ ამას ვაპატიებთ? ოსები იქიდან გამოაძევეს და აღარ უშვებენ იქ, აღარ უშევებენ წინაპრების საფლავებზე. გამოაძევეს ჩრდილოეთ ოსეთში და საქართველოს ტერიტორიაზე აღარ უშევებენ. აი, ადამიანის უფლებების დარღვევა“, - განაცხადა კოკოითმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველო ცხინვალისთვის მტერია, რადგან ხელს არ აწერს ე.წ. ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებას.
„ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით, ხელი მოვაწეროთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს. 2008 წლიდან მოყოლებული საქართველო ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს.
დიახ, მე გამიხარდა ივანიშვილის განცხადება. ვიფიქრე, არსებობენ ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთისკენ გადადგან ნაბიჯები, მაგრამ მაშინვე, რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს. ლავროვმა ხომ აბსოლუტურად მკაფიოდ თქვა - რუსეთი ხელს შეუწყობს იმას, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივიდნენ მშვიდობიან გადაწყვეტილებამდე. ეს სერგეი ლავროვის მკაფიო დიპლომატიური განცხადებაა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სხვა კონტექსტში ინტერპრეტირება მოახდინა - რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ეს ჩვენი, ოსების და აფხაზების გადასწყვეტია, ვინ იქნება ჩვენს ტერიტორიებზე. ეს ერთი და მეორე - ასეთმა განცხადებებმა და ისტერიამ, რომელიც ამას მოჰყვა, მოკლა ყველა იმედი, რომ საქართველოში გაჩნდნენ ძალები, რომლებთანაც ლაპარაკია შესაძლებელი“, - აღნიშნა ედუარდ კოკოითმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. მალევე მას კოკოითი ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველომ უნდა აღიაროს „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას და დააყენოს „საქართველოს მიერ ოკუპირებული თრუსოს, გუდოს და სხვა ოსური ხეობების დაბრუნების საკითხი“.