„კოლიაცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. „საქართველოში მოხდა ხელისუფლების უზურპაცია. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამისათვის აუცილებლად აგებს პასუხს იმ წესით, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა გვარამიამ და თქვა, რომ მათ გაშიფრეს სქემა, რომლითაც „ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე.
ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება, აბსოლუტურად უალტერნატივო, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და არ გადავსინჯავთ, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება.
ეს არის მოპარული არჩევნები, ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება. ეს არ მოხდება. ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, საქართველოა. შევახსენებ ყველას და კვლავ ბიძინა ივანიშვილს, მას აქვს, ან შეიძლება ჰქონდა ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაწერილიყო ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით და ხელისუფლების პოზოტიური გადაბარება ეღიარებინა. რაკიღა მან ეს არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენ ვესაუბრებით უკვე ქართველ ხალხს. აღარ ვესაუბრებით ხელისუფლებას.
ორმა ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ - ორივე ამერიკული ორგანიზაციაა - ერთმა „მთავარის“ სახელით, ერთმა „ფორმულას“ დაკვეთით, ჩაატარა ეგზიტპოლი პრაქტიკულად იდენტური შედეგებით. ორივე მზად არის, გაიაროს საერთაშორისო აუდიტი ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით.
სრულიად გამორიცხულია, რომ ეგზიტპოლის შედეგები იყოს ამგვარი და ამხელა აცდენა იყოს საარჩევნო შედეგებში. ჯერჯერობით მოსული ხმები - 52%, არის მხოლოდ ტექნოლოგიურად აღჭურვილი უბნების ხმები. წარმოიდგინეთ ხელით სადაც ხდება გადათვლები და ჩვენ ვნახეთ ჩაყრები, იმ უბნებიდან რა შედეგები მოვა. არავინ, არც საქართველოში, არც საქართველოს ფარგლებს გარეთ არ აღიარებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა გვარამიამ.
არჩევნების გაყალბების სქემაზე ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა თენგიზ თევზაძემ.
„რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრატორებთან ერთად და მათ შორის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, როდესაც ის პირველად ართმევდა ID ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის დაზუსტება, მათი მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბანზე ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩამატება. ანუ, საშუალოდ, „ქართული ოცნების“ 30 000-დან 40 000 ათასამდე ამომრჩეველს მინიმუმ ოთხ უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა, ასე ვთქვათ, 200 000 ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა.
ამას გვიმტკიცებს ორი არგუმენტი: ერთი ის, რომ ამის დამზღვევი შეიძლება ყოფილიყო მარკირება და მარკირებას აკეთებენ რეგისტრატორები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები და მათ მიერ დანიშნულები. ერთი წლის წინ მიღებული კანონით, რეგისტრატორი არის ოლქის მიერ დანიშნული წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა შერჩეული.
ამასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო შედეგებით, ჩეკებით, დაახლოებით 45 000 არის დისბალანსი, რაც ბიულეტენებში ამოვიდა და აქტივობას შორის. ამ ნაწილსაც ვამოწმებთ.
ამ მიმართულებითაც აუციელებელია გარე აუდიტის გაკეთება ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რათა დადგინდეს, იმ აპარატში ნამდვილად იყო თუ არა სხვა პირადობები შეყვანილი, რომლითაც მოქალაქეს შეეძლო სხვადასხვა უბანზე მისვლა და ხმის მიცემა ისე, რომ ვერიფიკაციის აპარატს არ გამოეცა სიგნალი. აპარატებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, სხვადასხვა უბნის აპარატები ერთმანეთთან სინქრონიზირებულები არ არიან და ამიტომ, ვერ დაბლოკავდა, თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ერთადერთი, რაც ამას გააქარწყლებს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აუდიტი, მაგრამ ამ აუდიტის დალოდებას არ ვაპირებთ, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ, ადმინისტრატორებმა უნდა აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა და თქვან რეალურად რა მოხდა“, - განაცხადა თევზაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 3111 საარჩევნო უბნიდან 2206-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 53% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – (11.2%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – (9.83%), „ძლიერმა საქართველომ“ – (9.02%) „გახარია საქართველოსთვის“ – (8.22%).
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9% მიიღო, ოპოზიციამ ჯამურად 51,9%.