სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ერთ-ერთი მენეჯერი მეგი ჟღენტი ადასტურებს, რომ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე წუხელ მომხდარი თავდასხმების სრულ ვიდეოჩანაწერებს ინახავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომასალა ამ დრომდე არ აქვს ამოღებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„არაფერია წაშლილი, ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა ნებისიერ უწყებას გადავცემთ. ამოღებული არ არის ჩანაწერები. მათ ვინახავთ, თუ არ ვცდები, ერთი თვის განმავლობაში“, - უთხრა მეგი ჟღენტმა ჟურნალისტებს.
მას მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის „იმედის“ მიერ გავრცელებულ ორ რამდენიმეწამიან, დამონტაჟებულ ვიდეოკადრთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რაზეც სასტუმროს მენეჯერმა თქვა, რომ „ვიღაც ქალბატონი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე იღებდა“ თავდასხმას. მეგი ჟღენტის განცხადებით, სასტუმროს თავდასხმის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების უფლება არ აქვს.
სასტუმროს მენეჯერი ადასტურებს იმასაც, რომ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია არ გამოუძახებიათ და 112-ზე მხოლოდ მას შემდეგ დარეკეს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას სცემეს.
შეკითხვაზე, პირველი თავდასხმის დროს სასტუმროს დაცვამ რატომ გაიყვანა მხოლოდ ზვიად ქორიძე და რატომ არ დაატოვებინა სასტუმრო თავდამსხმელებს, მეგი ჟღენტმა უპასუხა:
„რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რომ არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში, ჩვენი დაცვა შეეცადა ამისთვის მაქსიმალურად ყველაფერი გაეკეთებინა. ჩვენ ხომ არ ვიცოდით რა მოხდებოდა შემდეგ, სამწუხაროდ. ყველაფერი მოხდა წამებში“.
პოლიცია დანაშაულის ადგილზე დაგვიანებით მივიდა მიუხედავად იმისა, რომ განყოფილება „შერატონიდან“ ნახევარი წუთის სავალზეა. მანამდე სასტუმროს წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი მტკიცებილებები წაშალეს.
„უბრალოდ, სასტუმროს ტერიტორიაა. სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი, ეს არის ტერიტორია სადაც სტუმრები მოძრაობენ და აქედან გამომდინარე... პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა. თუმცა, სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, იქნა ამოღებული პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა მეგი ჟღენტმა. მისი თქმით, სასტუმროს შესასვლელთან სიხლის გუბე იდგა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამომძიებლებს შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული არ ჰქონდათ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ჯერ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი გიორგი გახარიას რამდენიმეწუთიანი ინტერვალით დაესხნენ თავს.
ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვით, მისთვის პროვოკაციის მოწყობა დიმიტრი სამხარაძემ სცადა, რომელიც მას ემუქრებოდა და აგინებდა.
„რაღაც ნივთი რომელიღაც მათგანმა დამარტყა აი, აქ (შუბლთან) და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. მეორემ, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანველიძემ, აიღო კერამიკის ქოთანი, რომელშიც იყო მიწა და ისროლა. არ ვიცი საგანგებოდ თუ არა, ამაცილა“, - იხსნებეს ჟურნალისტი.
პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა სასტუმროში შედიოდა. მას ათამდე პირი დაესხა თავს.
„ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში ჩართული, მისი განეიტრალების მიზნით, არ ყოფილა“, - აღნიშნა სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. პოლიციას, რომელიც მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებს, გახარია ჯერ არ გამოუკითხავს.