შეწყდეს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია - არასამთავრობოები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს იმ მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის, ე.წ. ვეტინგის შემოღებაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო. პრემიერ-მინისტრმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს ხოლმე მიმდინარე მოვლენებზე. განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ასევე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს პარლამენტის წევრებმა ბექა ოდიშარიამ და დავით მათიკაშვილმა. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელია სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერევისთვის განსაკუთრებით პრობლემურია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თავდასხმა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეზე საქმეთა გაჭიანურების საფუძვლით. კობახიძემ გუშინ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლიდან „მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქმეთა ჭარბი რაოდენობა მთელი სასამართლო სისტემის პრობლემაა, მისი მოგვარება კი უპირველესად სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ნაცვლად პრობლემის გადაჭრისა, საქმეთა ჭარბი ნაკადი და ამით გამოწვეული განხილვის გაჭიანურება მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია, სრულყოფილად შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა“, - აცხდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დემოკრატიის მცველები
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • უფლებები საქართველო
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა, მათ შორის მიუთითა, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სისტემა, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ისეთ წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები.

„ვეტინგი“ (Vetting - ინგ.), რაც საჯარო სექტორში საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებამდე კანდიდატის შესაბამისობის, მათ შორის, კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებისთვის და ცდილობენ ის ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი საქართველოს კონსტიტუციასა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

„ვეტინგის“ წინააღმდეგ განცხადება უზენაესი სასამართლოს სახელითაც გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.მოგვიანებით გაირკვა, სასამართლო სისტემაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბაქაქურმა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის ამოქმედების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას მხარი არ დაუჭირეს და საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ. მსგავსი მოსაზრება დააფიქსირეს პირველი და მეორე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც. ისინი აცხადებენ, რომ არ სურთ, გახდნენ საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ფაქტორი, შესაბამისად, მზად არიან გაიარონ კეთილსინდისიერების გადამოწმების ტესტი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).