საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი რამ საქართველოში 2004 წელსაც განხორციელდა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლოს სრული დამორჩიელება მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„როგორც იურისტმა, შემიძლია დავადასტურო, რომ „ვეტინგი“ ნამდვილად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ის ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგად, საზოგადო კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს.
პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, „ვეტინგი“ კატეგორიულად მიუღებელია. „ვეტინგის“ მსგავსი რამ საქართველოში განხორციელდა 2004 წელს და რაც მოიტანა ამ ყველაფერმა საზოგადოებისთვის ნათელია: ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, „ვეტინგი“ არის არა მხოლოდ მიუღებელი ფორმალურ-სამართლებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მოლდოვაში „ვეტინგს“ ატარებს ნონა წოწორია, რომელიც 2004-2007 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. „ყველას შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს „ვეტინგი“. ჩვენთვის ასეთი პროცესები არის მიუღებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.
ე.წ. ვეტინგის დანერგვის წინააღმდეგია საქართველოს უზენაესი სასამართლოც. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე“.
„ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან“, - აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„ვეტინგი“ (Vetting - ინგ.) საჯარო სექტორში საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებამდე კანდიდატის შესაბამისობის, მათ შორის, კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. მაგალითად, უკრაინამ ეს მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამოიყენა. კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ნოვიკოვი განმარტავდა, რომ „ვეტინგის“ პროცესი არის აუცილებელი ფილტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემაში არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების შესვლის თავიდან აცილებას.
სასამართლო რეფორმის განხორციელება და დასრულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 რეკომენდაციას შორის არის. სასამართლოს რეფორმირების პროცესში კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვის საჭიროება ხაზგასმულია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც: „საქართველომ უნდა გაატაროს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან ყველა წამყვან თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობებზე“.
24 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მიმდინარეობს დისკუსია, რეალურად რას ნიშნავს „ვეტინგი“.