პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის დათმობის მცდელობად წარმოაჩინოს სასამართლოს რეფორმირების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ შეიქმნას მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ასევე, პაპუაშვილი ცდილობს ეს რეკომენდაცია ქართული არასამთავრობოებისა და დონორი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართოს და მათი დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მგონი, ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს, თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. დღეს ოპოზიცია ფაქტობრივად გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები. ეს ნიშნავს, რომ მათთვის სახელმწიფო საქართველო არ არსებობს, უნდათ ვიყოთ ერთი ჭანჭიკი სხვებისთვის.
ერთი რამ არის ნიშანდობლივი ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან აქტიურობენ, რომ უცხოელები იყვნენ ჩართული მოსამართლეთა დანიშვნაში. ჩვენ გვესმის დონორების მხრიდან მოწოდებები, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ ხოლმე მსჯელობებში. როცა მათ ვრთავთ მსჯელობებში, გამოდის, რომ ეს ორგანიზაციები გვთავაზობენ, მათი დონორები ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში და
მგონი, უნდა ჩამოყალიბდნენ და გვითხრან: თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და NGO-ებმა და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა, გვითხრან თუ ეს არის მათი ძირითადი განზრახვა. ეს უკვე ნელ-ნელა სცდება ყველანაირ ზღვარს სუვერენიტეტის პატივისცემისა, როდესაც დონორები მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების პირით გვეუბნებიან, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში.
ყველას მივუთითებ ვენის კონვენციაზე და ყველამ პატივი უნდა სცეს შიდა პოლიტიკას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში.
ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფორმალურად ჩვენს კონსტიტუციას, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობის სულისკვეთებას.
ამისთვის ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე ამას გვეუბნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, NGO-ების და ოპოზიციის სახით, რომ ჩვენ კი არ უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედი და დავაკომპლექტოთ სასამართლო, არამედ უცხო ქვეყნებმა უნდა დაგვიკომპლექტონ.
აი, ამ დონემდე მივიდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და მგონი, უკვე ძალიან ახლოს არიან იმ წითელ ხაზებთან, რომლის იქითაც საქართველოს ინტერესების სრული უგულებელყოფაა“, - განაცხადა დღეს შალვა პაპუაშვილმა.
სასამართლო რეფორმის განხორციელება და დასრულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 რეკომენდაციას შორის არის, „ვეტინგი“ (Vetting - ინგ.) კი, რასაც პაპუაშვილის ვრცელი კომენტარი მოჰყვა, საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებამდე კანდიდატის შესაბამისობის, მათ შორის კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.
9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლო რეფორმის პროცესში „ვეტინგის“ სისტემის შემოღება შესთავაზეს.
8 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეწინააღმდეგება „ვეტინგის“ მექანიზმს, რადგან ის არაკონსტიტუციურია.
კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვის საჭიროება ხაზგასმულია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც: „საქართველომ უნდა გაატაროს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან ყველა წამყვან თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობებზე“.
უკრაინამ „ვეტინგის“ მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ხოლო მოლდოვამ სასამართლო საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესში გამოიყენა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ნოვიკოვი განმარტავს, რომ „ვეტინგის“ პროცესი არის აუცილებელი ფილტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემაში არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების შესვლის თავიდან აცილებას.