„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ სხვა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის სამხედრო სამსახურში ყოფნა, ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
იონათამიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმდჯომარე მამუკა მდინარაძეს ეთანხმება იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საომრად „ომის პარტიას“ მიჰყავს.
„ყველაზე მძიმე და მიუღებელი არის ის, რომ ერთი - ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და მეორე -ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები. არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში მტრობენ ჩვენს ქვეყანას და არა ხელისუფლებას, საზოგადოებას“, - თქვა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე გამოეხმაურა: „რა მოქალაქეობა უნდა ჩამოგვართვათ. ხომ არ გამოშტერდით? თქვე მართლა სულელო კაცებო. თქვენ გგონიათ, რომ საბუთი რაღაცას წყვეტს ჩვენთვის? ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სამშობლო აი, აქ - გულში გვიზის. ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ, სამშობლო გვიზის გულში. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციის ან უშიშროების სამსახურში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბახმუტთან საქართველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ განაცხადა, რომ „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში ომის პარტიის წარმომადგენლებს მიჰყავთ“. ორ დღეში ღარიბაშვილს განმარტების გაკეთება მოუწია. როგორც მან გუშინ, 7 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, არ უთქვამს, რომ „ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, ორგანიზებული „ნაცმოძრაობის“, ომის პარტიის მიერ“.
„უნდა გაიმიჯნოს - არის კატეგორია, რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, [მამუკა] მამულაშვილი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი“, - თქვა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს ლეგიონს რაიმე კავშირი აქვს ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მოქმედებს. მისი თქმით, „ქართული ლეგიონი“ არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის.
„ლეგიონის მებრძოლები იბრძოდნენ საქართველოში ყველა რუსული შემოტევის დროს. ჩვენ გვწამს, რომ ყველგან, სადაც ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, პირველ რიგში ვაკეთებთ ქართულ საქმეს“, - აღნიშნა მამულაშვილმა.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ლეგიონი კომპლექტდება იმ უცხოელებით, რომელთაც რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინის დახმარება სურთ. 27 თებერვალს ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანება უკრაინისადმი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება იქნებოდა.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 35 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, მათგან ერთი, 29 წლის რუსლან ბაირამოვი, ქართველი აზერბაიჯანელია.