საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ გაკეთებული განცხადება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ტერმინი „საწყალი“ შეიძლება, როცა ადამიანი...არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი უბრალოდ... ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას. ადამიანზე, რომელიც შეგეცოდება, ან გარდაიცვლება -ახლობელი იქნება, ნათესავი თუ სხვა, ხშირად შეიძლება უბრალოდ გამოიყენო ადამიანმა ეს ტერმინი. ადამიანი, რომელიც დაიღუპება, შეიძლება შეგეცოდოს და გულწრფელად გამოხატო შენი ემოცია. ეს ემოციის გამოხატვაა და ემოციის გამოხატვაზე ადამიანს უთხრა, რატომ გამოიყენე ეგ სიტყვა, ეს არის უბრალოდ...“, - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტების მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული მისი სიტყვები - „ჩვენი თანამოქალაქეები ომის პარტიის წარმომადგენლებს მიჰყავთ უკრაინაში“.
„მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ - ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პატივისცემა, ზოგადად, ყურადღება, ყველასთვის ცნობილია - როგორც მოქმედი, ისე ყოფილი, ვეტერნების და ასევე, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მეორე - მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, რომ ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ამას თქვენ, ყველანი ავრცელებდით.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იყოს სრულიად ცხადად გაგებული. უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით. არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სააკაშვილთან. ფაქტს გეუბნებით.
არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, თავისი ამ სულისკვეთებით, თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, ორგანიზებული „ნაცმოძრაობის“, ომის პარტიის მიერ.
მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა გაიმიჯნოს - არის კატეგორია, რამდენიმე ათეული ადამიანი, , რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ.
ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო ამ ადამიანს, მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს: ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მით უმეტეს, რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური ჩართვები მოვისმინე თქვენს ტელევიზიებში, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის საერთოდ, რა სტილია. მე მინდა ყველას, ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში ომობს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიანი დაბრუნება თავის ოჯახებში, ჩვენთან, საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი გულწრფელი სურვილი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მისი თქმით, ის არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი და ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, სად რა განცხადებას გააკეთებს. მამულაშვილის ინფორმაციით, „ქართული ლეგიონი“ უკრაინის ჯარში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია.
ბოლო ერთ კვირაში უკრაინაში ექვსი ქართველი დაიღუპა. 27 წლის ჯაბა ხოფერია პირველ დეკემბერს კიევის ოლქში გარდაიცვალა, ხუთი მებრძოლი - ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა 3 დეკემბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაიღუპნენ.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 34 ქართველი მეომარი ემსხვერპლა.