სოხუმის აეროპორტის მიმდებარე რაიონიდან გასახლება იგეგმება, რასაც აფხაზების ნაწილი არ ეთანხმება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სოხუმის ბაბუშარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან იქ მცხოვრები აფხაზების გასახლება იგეგმება. აფხაზურ ტელეგრამ არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა ადგილობრივებს შეხვდა და იმ კომპენსაციაზე ესაუბრა, რომელსაც გასახლების შემთხვევაში მიიღებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პროტესტი გამოთქვა და თქვა, რომ საცხოვრებლის დატოვებას კომპენსაციის სანაცვლოდაც არ დათანხმდებიან.

ჯანსუხ ნანბა აცხადებს, რომ მოსახლეობის გასახლებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა არ უარყოფს, რომ აეროპორტის გაფართოება ნამდვილად იგეგმება.

„შეხვედრის მიზანი იყო სოფლის [ბაბუშარას] მცხოვრებთა ინფორმირება აეროპორტის და მისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმების შესახებ. ხალხს მოვუყევით, რა ეტაპზეა ახლა სარემონტო სამუშაოები, როგორ მიმდინარეობს ასაფრენი ბილიკის აღდგენა და გამოსაყენებლად უვარგისი შენობების დემონტაჟი.

ასევე, განვიხილეთ აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, კერძოდ მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს გაფართოებას აეროპორტის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. თანამედროვე აეროპორტის ასაგებად, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არსებული ტერიტორია საკმარისი  არ არის და ამ მხრივ განიხილება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ე.წ. მეორე ეტაპი.

ამ საკითხის განხილვაში მნიშვნელოვანი მივიჩნიეთ სოფლის წარმომადგენლების ჩართვა“, - აღნიშნა ნანბამ.

დე ფაქტო მინისტრის თქმით, შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბას ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში სოფლის მცხოვრებთა 5-6 კაციანი ჯგუფი ჩაერთვება, რათა გათვალისწინებული იქნეს აეროპორტის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხის ინტერესები.

„ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

აეროპორტს შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აღადგენს, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს, რაშიდ ნურგალიევს (უმცროსი) ეკუთვნის. კომპანია 2023 წლის 10 ივლისს შეიქმნა და მოსკოვშია რეგისტრირებული.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ინვესტორს აეროპორტი 49 წლის ვადით გადასცა. სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი განაახლებს 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენ ბილიკს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება „თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღება“. ასევე, დაგეგმილია ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენება და აეროპორტის ისტორიული შენობის გარემონტება.

აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვება 2024 წლის დეკემბერში იგეგმება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.