სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 3 ივნისს ანკარაში ჩავა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. როგორც სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, ფაშინიანი ღონისძიებაზე მიიწვიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 28 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. ფაშინიანმა მას გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის.
სომხეთის სახელმწიფოს ბოლო ლიდერი, რომელიც თურქეთში ჩავიდა, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანია. ვიზიტი 14 წლის წინ, 2009 წელს შედგა.
სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ. მეზობელ ქვეყნებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, მათ შორის, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, სომხეთი, ისევე როგორც მრავალი დასავლური სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს. თურქეთი ასეთ შეფასებას არ ეთანხმება. გარდა ამისა, თურქეთი აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა - 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, თურქეთმა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი, რომელიც მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად გაიხსნა.
თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერდა 2020 წელს, ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროსაც.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება 2021 წელს დაიწყო. 2022 წლის მარტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე ჩავიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სომხეთის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო თურქეთში. იმავე წლის ოქტომბერში, პრაღაში, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
