თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა და ქვეყნის პრეზიდენტად ყოფნის უფლებამოსილება კიდევ ხუთი წლით გაიხანგრძლივა. კვირას გამართულ კენჭისყრაში ერდოღანმა დაახლოებით 2 მილიონით მეტი ხმა მიიღო ვიდრე მისმა კონკურენტმა, ოპოზიციური ალიანსის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ისევე როგორც პირველ ტურში, ერდოღანი დამარცხდა. მას ხმა ამომრჩეველთა 33.33%-მა (339 ხმა) მისცა, ხოლო ქილიჩდაროღლუს 66.6%-მა (678 ხმა). საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერდოღანს თურქეთის ლიდერად ხელახლა „დამაჯერებლად“ არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ თურქი ხალხის ზეიმს უერთდება: „ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლების ნებას, ისევე როგორ წინა არჩევნების დროს. არ გაგვიმარჯვია მხოლოდ ჩვენ - გაიმარჯვა თურქეთმა, გაიმარჯვა დემოკრატიამ! 28 მაისის არჩევნებს არ ჰყავს დამარცხებული, გამარჯვებულია თურქეთის მთელი 85 მილიონიანი მოსახლეობა. დადგა დრო, გავერთიანდეთ ეროვნული მიზნებისა და იდეის სახელით... ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელიც თურქეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში ხვდებოდა, იქმნებოდა ერთადერთი მიზნით - არ მომხდარიყო ის, რაც დღეს მოხდა“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარ პრიორიტეტად დარჩება 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგების და ინფლაციის შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოფხვრა: „თურქეთში დაინერგება ახალი ეკონომიკური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლებს, გაზრდის მწარმოებლების შემოსავალს, შეამცირებს ფერმერობისა და მეცხოველეობის ხარჯებს... ჩვენ გავააქტიურებთ ბრძოლას ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ, მათ შორის თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან ტერორიზმთან ბრძოლაში“.
ქემალ ქილიჩდაროღლუს თქმით, დამწუხრებულია იმის გამო, რომ ქვეყანას წინ დიდი სირთულეები ელის. მან საპრეზიდენტო არჩევნებს თურქეთში, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველაზე უსამართლო არჩევნები უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა სახელმწიფო მექანიზმი ერთი პოლიტიკური პარტიისა და კაცისთვის იყო მობილიზებული.
„ყველანაირი ზეწოლის მიუხედავად ამ არჩევნებში გამოჩნდა ხალხის სურვილი, რომ შეცვალოს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ფრონტზე, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატია არ იქნება“, - განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, რომელიც „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე 20 წელია თურქეთს მართავს. 2003 წელს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩევნის შემდეგ, მან თურქეთის საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნაზე დაიწყო ზრუნვა. 2014 წელს, პრემიერ-მინისტრობის მესამე ვადის დასრულების შემდეგ, ის პრეზიდენტად იქნა არჩეული. 2017 წელს თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რის შედეგადაც 95-წლიანი საპარლამენტო სისტემა საპრეზიდენტო სისტემით ჩანაცვლდა და პრეზიდენტმა ფართო ძალაუფლება მოიპოვა. ერდოღანი პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით 2018 წელს აირჩიეს.