თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე, პირველად 30 წლის განმავლობაში სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი გაიხსნა. სომხეთის მიერ გაგზავნილმა ხუთმა სატვირთო მანქანამ, რომელიც 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით იყო დატვირთული, თურქეთთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზატკეცილზე მარგარას ხიდი 11 თებერვალს გადაკვეთა. დახმარება საზღვრიდან 600 კილომეტრში, სტიქიური უბედურების ზონაში - ქალაქ ადიამანში ჩავიდა. ამ ქალაქში 27 სომეხი მაშველისგან შემდგარი ჯგუფიც მუშაობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მე ყოველთვის მემახსოვრება ეს კეთილშობილი მხარდაჭერა, რომელიც სომხეთის ხალხმა აღმოგვიჩინა მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩვენი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - განაცხადა სომხეთ-თურქეთს შორის მოლაპარაკებებში თურქული მხარის წარმომადგენელმა, ელჩმა სერდარ კილიჩმა.
დიპლომატმა სომხეთის სპეციალურ წარმომადგენელს თურქეთთან ურთიერთობაში, რუბენ რუბინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრის ახალდანიშნულ მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. „მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ“, - უპასუხა მას რუბინიანმა. მისი თქმით, თურქეთისთვის დახმარების გაგზავნა სწორი ნაბიჯია და მასშტაბური კატასტროფების დროს, ყველა სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ერთმანეთს.
„მოგეხსენებათ, ბოლო 100 წლის განმავლობაში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები ძალიან რთული და მრავალი პრობლემით იყო სავსე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ახლა, ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე და იმისდა მიუხედავად, როგორი ურთიერთობაა სომხეთსა და თურქეთს შორის, ან როგორი ურთიერთობა იყო წარსულში და რა მოვლენები მოხდა, ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან და მეზობლები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს კატასტროფების დროს“, - აღნიშნა რუბინიანმა „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურთან ინტერვიუში.
სომხეთმა მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება სირიაშიც გაგზავნა.
ერთი კვირის წინ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც იმავე დღეს 7.6 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები ჰოყვა. ექვსი დღის შემდეგ, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 33 ათასს აჭარბებს. 29 605 ადამიანია დაღუპული თურქეთის მხარეს, ხოლო 3574 - სირიაში. შენობების ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, 80 000 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო მილიონზე მეტი დროებით თავშესაფრებში იმყოფება. გაეროს მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში სულ მცირე 870 000 ადამიანი საჭიროებს სასწრაფოდ ცხელი საკვებით დახმარებას. გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ სირიაში 5.3 მილიონამდე ადამიანი დარჩა უსახლკაროდ ზამთრის პირობებში.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. მეზობელ ქვეყნებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, მათ შორის, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, სომხეთი, ისევე როგორც სხვა არაერთი სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს. თურქეთი ასეთ შეფასებას არ ეთანხმება. რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, ის 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, თურქეთმა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა. 2022 წლის მარტში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ეს სომხეთის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად იყო თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად და საზღვრების გასახსნელად.