Spiegel: ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და მისი დელეგაცია იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო, რადგან ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი. სამთავრობო თვითმფრინავი მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Spiegel წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან გამოფრენილი Airbus A340-300 თბილისში 23:00 საათზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა იმ დროს, როდესაც შასი უკვე ასაფრენ-დასაშვებ ზოლს უნდა შეხებოდა, თვითმფრინავი აფრინდა და მეორე წრეზე წავიდა. Spiegel-ის თანახმად, სამთავრობო თვითმფრინავის პილოტმა თქვა, რომ მიზეზი სხვა თვითმფრინავი იყო, რომელმაც საკმარისად სწრაფად მოძრაობა ვერ შეძლო.

Airbus-ი თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23:20 საათზე დაეშვა. ანალენა ბერბოკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა.

„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, საკითხს სწავლობენ და მოკვლევის დასრულებამდე კომენტარი არ გაკეთდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, დილით შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

„ვისაუბრეთ ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, განვიხილეთ ეს რუსული კანონი, რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე, ინიცირებისა და ჩაგდების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი, ვიმსახურებთ ამას, უნდა მივიღოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, თუმცა გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება. ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენ ხალხს, რადგან დღეს მხოლოდ ქართველი ხალხია ის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამისათვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, პირიქით, აფუჭებენ საქმეს“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და „ფაქტობრივად გამოხატა მხარდაჭერა და გვერდით დგომა ქართველი ხალხისადმი ამ პროცესებში“.

ანალენა ბერბოკი ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან. ანალენა ბერბოკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.

თბილისში ჩამოსვლამდე ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს და თბილისში ვიზიტით, სურს ნათელი გახადოს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„თბილისში მთავრობას დაველაპარაკები იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმა ქვეყანას კიდევ მოუწევს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დემოკრატიული სტანდარტების დაცვის გარდა, საუბარია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაზე, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და პატივისცემით განწყობილ საჯარო დებატებზე, მაშინაც კი, როდესაც ხანდახან შეხედულებები სხვადასხვაა“, - განაცხადა მან.

ანალენა ბერბოკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.