ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებას ეხება. ეს ჟურნალისტის რიგით მეორე საქმეა სტრასბურგის სასამართლოში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 3 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია), მზია ამაღლობელის სახელით, მისი ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საჩივარი 2025 წლის 17 ნოემბერს წარადგინა. მანამდე, 28 აპრილს, საიამ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა მზია ამაღლობელისთვის პტიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და დაკავშირებული დარღვევები.
როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, სტრასბურგის სასამართლოში წარმოება აქტიურად გრძელდება და პირველ საქმეზე წერილობითი პოზიცია წარადგინეს.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ორჯერ დააკავეს. ის თავდაპირველად დააკავეს სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის. პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
„ისევე როგორც ეროვნულ დონეზე, სტრასბურგის სასამართლოს წინაშეც, სახელმწიფოს არ განუმარტავს და არ დაუდგენია მათ შორის იმ პირის ვინაობა, რომელმაც რეალურად დააკავა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით. იუსტიციის სამინისტრო, ისევე როგორც პროკურატურა, ვერ ასაბუთებს დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის არსებობას, რომელიც დაადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან კონკრეტული ქმედების, როგორც თავად პროკურატურამ დააკვალიფიცირა - „პოლიციელზე თავდასხმის“ფაქტს, თუ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას, რითაც დაირღვა მზია ამაღლობელის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული თავისუფლების უფლება“, – აცხადებს საია.
საია-ს მიერ წარდგენილ პოზიციაში განმარტებულია, რომ დაკავება იყო თვითნებური და ემსახურებოდა ავ განზრახვას, რამდენადაც ეს განპირობებული იყო არა საფუძვლიანი ეჭვით, არამედ - ირაკლი დგებუაძის მუქარით, რომ „სისხლით“ დაიჭერდა მზია ამაღლობელს.
წარდგენილ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის პროკურატურა დაეყრდნო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებასა და სამართალდარღვევის საქმეებს, რომელთა ირგვლივ, არა თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო გამოტანილი, არამედ არც იყო განხილული სასამართლოების მიერ.
„იმ პირობებში, როცა „ახალი დანაშაულის“ ჩადენის რისკის დასამტკიცებლად პროკურატურას არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და მხოლოდ ეყრდნობოდა ადმინისტრაციული დაკავებას, მზია ამაღლობელს პარალელურად უწევდა ემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა იმ საქმეების ირგვლივ, რომელიც ეროვნულ დონეზე იყო მიმდინარე. პროკურატურის პოზიციითა და სასამართლოების მიერ პროკურატურის არგუმენტების ყოველგვარი შეფასების გარეშე გაზიარებით დაირღვა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც საერთაშორისო დადგენილი პრაქტიკით ინდივიდს იცავს სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციით ვერ დასტურდება იმ განზრახვის არარსებობა, რომლის მიზანს რეალურად მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე წარდგენილია მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და ნინო წილოსანის განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელს, იმ პირობებშიც კი როდესაც მის მიმართ ჯერაც არ დამდგარა ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება, მოიხსენიებენ დამნაშავედ და მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა“, – აცხადებს საია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წერილობით პოზიციაში ასევე წარადგინეს საქმის ირგვლივ ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე უკანონოდ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია.
„2025 წლის 14 ნოემბერს, პროკურატურამ, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე დაინიშნა სრულიად უკანონოდ, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს დეტექტივის ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის საფუძველზე, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციის საშუალებებით ესაუბრებოდა იმ ეტაპისთვის დაუდგენელ პირებს, ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე გარდა იმისა, რომ ექსპერტიზის დანიშვნისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ვლადიმერ ჩიტაიას მიერ მიწოდებული ინფორმაციით და არ გაითვალისწინა ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, რითაც დაარღვია მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით გარანტირებული უფლებები, თითქმის 9-თვიანი ექსპერტიზის შემდგომ, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
აღნიშნულ პირობებში მზია ამაღლობელს წაერთვა უფლების დაცვის ქმედითი საშუალება, რამდენადაც მისი უფლებები შეიზღუდა იმ გარემოებებში, როდესაც არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, გარდა ვლადიმერ ჩიტაიას პატაკისა, რომელშიც მოცემული ინფორმაცია ვერ იქნა დადასტურებული“, – აცხადებს საია.
2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა. 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.
