„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით ჩვენი ბოლოდროინდელი შეშფოთების მიუხედავად, იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავდა, თავისუფლად და სამართლიანად ჩაატარებდა. სინამდვილეში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ სრულიად სხვა რამ ვიხილეთ“, - ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
სენატორების განცხადებით, ეუთო/ოდირის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“, „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ და „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშებმა აჩვენა მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები.
„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ არჩევნების დღეს ჩარევების შესახებ ათობით შეტყობინებით, მათ შორის, ძალადობით, ამომრჩევლის დაშინებით და ბიულეტენების ჩაყრით, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.
მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობის და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ინფორმაცია, რათა დადგინდეს, რაიმე ქმედებამ სერიოზული გავლენა მოახდინა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სენატორები აღნიშნავენ, რომ „ეს საქართველოსთვის სახიფათო მომენტია. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გააცნობიეროს, რომ მისმა ქმედებებმა დაუყოვნებლივ შესაძლოა იმოქმედოს მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე“.
„უდავოა, რომ რუსეთმა იხეირა უთანხმოების და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, თუკი ის ამას ირჩევს, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და მოვუწოდებთ საქართველოს შესაბამის ხელისუფლებას პატივი სცეს ამ ღრმად მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შევიტანთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში - „ქართველი ხალხის აქტში“, რათა უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების პროცესში თაღლითობისა და მანიპულირებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. აშშ-ის სენატი სრულად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ“, - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
