საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა OSCE/ODHIR, PACE საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, წინასაარჩევნო პერიოდისა და კენჭისყრის დღის პირველადი შეფასებები წარმოადგინეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ეუთოს სპეციალური კოორდინატორის და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის განცხადებით, კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ მას თან ახლდა დაძაბული გარემო და დაშინების ბევრი შემთხვევა:
განსაკუთრებით იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა. ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა“, - თქვა პასკალ ალიზარდიმ.
„ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ დავინახეთ კამერები უბნებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამჟამინდელი კანონმდებლობით. ჩვენმა, ევროპარლამენტარების გუნდმა, ასევე დაინახა და შეამჩნია დაძაბულობა და ქაოსი. ერთ შემთხვევაში, ბიულეტენების ჩაყრა მოხდა ყუთში. ასევე, იყო დარღვევები, გაიყვანეს დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები. გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები. ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე, მის გარეთ. იყო ზეწოლა მოქალაქე დამკვირვებლებზე და ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი.
იყო ასევე მტრული დამოკიდებულება, დაშინება და კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში“ - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა.
„დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა, - ასე შეაფასა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა. მისივე განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ხოლო მისი შედეგები მეორე ტესტი იქნება.
„დაკვირვების დროს ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, განსაკუთრებით სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს, ანუ ორი სამყარო არსებობდა, ერთი იყო საარჩევნო უბანზე, სადაც შიგნით ხმის მიცემის პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული, ხოლო მეორე სამყარო ეს იყო გარეთ, საარჩევნო უბნების გარეთ.
მმართველი პარტიის კამერების არსებობა სარჩევნო უბნების წინ და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და ასევე პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება, შეგრძნება იყო ისეთი, „დიდი ძმა“ რომ გვიყურებს
და ეს არის ის, რასაც აკვირდებოდა ჩვენი ერთ-ერთი დამკვირვებელი. კიდევ არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს. შესაბამისად, ეს ძირს უთხრის შედეგების დამაჯერებლობას და ასევე მის სამართლიანობას. როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით სოფლებში უბანზე არჩევნებს, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ“- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებმა შეჯამეს წინასაარჩევნო პერიოდიც.
- „გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად;
- კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა, კამპანიის რიტორიკა და მისი სურათები ზოგადად ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი იყო;
- უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს.
- პოლარიზებული მედიაგარემო და ასევე კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.
- კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ასევე, კიდევ არსებობდა ეჭვებიც იმაზე, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და ეჭვები იბადებოდა მისი მიუკერძოებლობის მიმართ.
- ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - თქვა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ოუენ მერფმის განცხადებით, 19 სექტემბრიდან მისიას მოვლენილი ჰყავს 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. „ასევე ვაკვირდებოდით კამპანიას სოციალურ ქსელებში, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. ასევე, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას. განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, რომ თავისუფლად მიეცა ხმა შიშის გარეშე. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებას და საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველ პარტიას ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა სხვა კონკურენტებთან შედარებით.
18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, ჩვენ რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი განვახორციელეთ 6 ტელეარხსა და ორ ონლაინ მედიასაშუალებაში. ეს მონიტორინგი აჩვენებს მიკერძოებას ყველა მედიასაშუალების მაგალითზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო მმართველ პარტიას. აღსანიშნავია პოლიტიკური ლიდერების უარი, რომ მონაწილეობა მიეღოთ დებატებში. ეს ქმნიდა გამოწვევებით სავსე გარემოს“,- აღნიშნა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა იმედი გამოთქვა, რომ „გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“.