ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემომ დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, იგი დაზიანდა მუქარის, შევიწროების და ძალადობის შემთხვევებით, „რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკურ აქტორებსა და მათ ოჯახებზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე ბოლო ორ არჩევნებზე, რაც ადასტურებს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას დემოკრატიული პროცესისადმი. არჩევნები პირველად ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულმა არაერთმა ცვლილებამ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია არჩევნების ჩატარებაში.
საარჩევნო უბნები ძირითადად მშვიდი და ორგანიზებული იყო. თუმცა, მოქალაქე დამკვირვებლებმა აღნიშნეს სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა, წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის, ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.
ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს. მთავრობის მიერ მიღებულმა კანონმა, რომელიც სამოქალაქო აქტორებს უცხოურ აგენტებად აცხადებს და მისმა კამპანიამ, დააშინოს ისინი, ვინც მმართველ პარტიას აკრიტიკებენ, შექმნა შიშის კლიმატი.
არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციისა და მათი სამართლებრივი შეზღუდვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა მცდელობებმა აიძულა ისინი თავიანთი ცენტრალური საქმიანობიდან - არჩევნების დაცვიდან რესურსები თავდაცვაზე მიემართათ. კანონმდებლობამ ასევე მსუსხავი ეფექტი იქონია ადვოკატებზე, სამოქალაქო განმანათლებლებზე და პოლიტიკურ დისკურსში მონაწილე სხვა ჯგუფებზე.
მმართველი პარტიის ლიდერები ასევე დაიმუქრნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კრიმინალიზაციით. მთავრობის მიერ მიღებულმა კანონმა შეზღუდა მოწყვლადი ლგბტქი+ თემების უფლებები და მოახდინა მათი სტიგმატიზაცია ადამიანის უფლებათა რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით, რომელთა დაცვის ვალდებულება საქართველოს აკისრია.
ერთობლივად, მთავრობის ქმედებებმა განაპირობა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების გზა.
ფრაგმენტული, პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩევლებს უზღუდავდა მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას. მმართველ პარტიას არაპროპორციული გავლენა ჰქონდა ამ გარემოზე იმის გათვალისწინებით, რომ აკონტროლებდა სახელმწიფო მედიასა და კერძო არხებს. ამასთან, როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციურმა არხებმა უარი განაცხადეს მოწინააღმდეგის პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე. იმავდროულად, სატელევიზიო დებატებში არჩევნების მონაწილეთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებმა და დაშინებამ კიდევ უფრო შეზღუდა საზოგადოების წვდომა დაბალანსებულ დისკურსზე და კამპანიის ძირითადი საკითხების გაშუქებაზე.
წინასაარჩევნო პერიოდი ასევე კომპრომეტირებული იყო ფართომასშტაბიანი მუქარით, შევიწროებით და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობით, რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკურ აქტორებსა და მათ ოჯახებზე. ქალები არაპროპორციულად ექვემდებარებოდნენ განუწყვეტელ და გენდერულ შეტევებს.
არაპარტიულმა მოქალაქე დამკვირვებლებმა, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა და მედიამ აღნიშნეს საჯარო სექტორში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების დაშინების მრავალი შემთხვევა, აშკარა მცდელობით, ხელი შეეშალათ მათი მონაწილეობისთვის ან ეიძულებინათ ხმის მიცემა მმართველი პარტიისთვის.
არჩევნების დღეს მოქალაქე დამკვირვებლები შეესწრნენ საარჩევნო უბნების გარშემო ნეიტრალური ზონის დარღვევის გავრცელებულ შემთხვევებს მმართველი პარტიის ფიგურებისა და არაუფლებამოსილი პირების შეკრებით. ჩვენი მოკლევადიანი დამკვირვებლები და მოქალაქე დამკვირვებლები ასევე აფიქსირებდნენ ამომრჩეველთა დაშინებას.
მოქალაქე დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ გაიზარდა კრიტიკული ინციდენტები, მათ შორის, ძალადობა დამკვირვებლების, ამომრჩევლისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ“, - აცხადებს სადამკვირვებლო მისია.
NDI ხაზს უსვამს, რომ ეს განცხადება წინასწარი ხასიათისაა, რადგან პოსტსაარჩევნო გარემო კვლავ ვითარდება. საბოლოო ხმების დათვლისას, საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტისას, ასევე, პარლამენტში მანდატების გადანაწილების დროს, NDI მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს პატივი სცენ ხალხის ნებას, როგორც ეს გამოხატულია კენჭისყრისას და გამოიჩინონ მოთმინება და თავშეკავება საბოლოო შედეგების შეჯამებისას.
NDI ასევე მოუწოდებს ინსტიტუციებს, გამოიძიონ საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებები, დაიწყონ დევნა დანაშაულებრივ ქმედებებზე და გადაწყვიტონ დავები კანონის შესაბამისად.
„ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა ის ღირებულება, რომელსაც თავის დემოკრატიულ გზას ანიჭებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გადალახონ თავიანთი „ყველაფერი გამარჯვებულს რჩება“ მენტალიტეტი და გამოიჩინონ ერთგულება პლურალიზმის მიმართ, რათა წინ წავიდნენ ამ გზაზე. მმართველმა პარტიამ, კერძოდ, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის დაცვა და ყველა ქართველის შესაძლებლობა, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა თავისუფლად და თანაბრად მიიღოს“, - აცხადებს NDI.
სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებს შორისაა პარლამენტის მიერ, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გაუქმება, „რათა აღმოიფხვრას მისი დესტრუქციული ეფექტი დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე“.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ საქართველოში არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება.