დღეს, 2 მაისს, რუსული კანონის მიღებას ისევ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე შეიკრიბონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება. დღეს შევიკრიბოთ ყველა ერთად იმისთვის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს რუსეთი, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა“, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
გუშინდელი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. როგორც მან განაცხადა პროტესტს შედეგი აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტში მისვლა „ვერ გაბედეს“.
„ამ რეჟიმის მიმართ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, დღეს, 7 საათზე ყველას ველოდებით პარლამენტთან. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებს ვერც ძალის გამოყენება, ვერც „სამაისო არდადეგები“ და ხელისუფლება პასუხს აგებს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, რომელსაც რუსული კანონის მიღებით აწყობს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ბათუმშიც 19:00 საათზე დაიწყება. სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ მოქალაქეებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეკრებისკენ მოუწოდებს. „თბილისში ჩვენს გამო ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ. ჩვენთვის მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, ბათუმმა თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას. ბევრნი ვიყავით, კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ. გააგებინეთ ყველას, მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კურსელებს, კლასელებს, ლექტორ-მასწავლებლებს, კოლეგებს და ერთად ვუთხრათ კი საქართველოს განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
1-ელ მაისს, პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა შენობა პოლიციის კორდონით დატოვეს.
ჩიტაძის ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, გაუშვეს მხუთავი გაზიც. მოქალაქეებს რეზინის ტყვიებიც მოხვდათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აქციის დასაშლელად ეს საშუალებაც გამოიყენა. ჩიტაძის ქუჩაზე მოქალაქეები დილამდე დარჩნენ. მათ პარლამენტის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი ნაგვის ურნებით და სამშენებლო ხის ღობეებით ჩახერგეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე გააკეთეს წარწერები „კრემლის ფილიალი“.
ხელისუფლებამ 30 აპრილის საპროტესტო აქციაც დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ დღეში 65 ადამიანი დააკავა.
