თბილისში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ მსვლელობაში, რომელიც სამი სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო. მოქალაქეები საქართველოს და ევროპის დროშებით ევროპის მოედანზე იკრიბებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
აქციის მონაწილეთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. როგორც ისინი ამბობენ, ამდენი ხალხი თბილისის ქუჩებში დიდი ხანია არ უნახავთ.
„ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, ქართველი ხალხი არის პროევროპელი და ვერასოდეს ვერ გახდება რუსეთის ნაწილი. ყველაფერს გააკეთებს ეს ზღვა ხალხი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული მომავალი. ეს არის ფაქტი. ამიტომ, შეეშვან ამ რუსულ მეთოდებს. რაც უფრო მალე იზამენ ამას, მით უკეთესი, თორემ, მთელი ის აგრესია, რომელიც მათგან მოდის, მათვე შეუბრუნდებათ. აქ საუბარი არ არის კანონზე, აქ საუბარია იმაზე, რომ მათ ქვეყანა მიჰყავთ რუსეთისკენ. ეს გადაწყვეტილება უნდა შეცვალონ“, - განაცხადა მსვლელობის დროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება დაშინების, ძალადობისა და დაკავებების აგრესიულ კამპანიას ახორციელებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. უცნობმა პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების საცხოვრებელ სახლებთან და ოფისებთან შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი პლაკატები გააკრეს, დააზიანეს მათი ავტომობილებიც. გარდა ამისა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათ მცირეწლოვან შვილებსა და პენსიონერ მშობლებსაც კი ტელეფონით ურეკავდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. მასობრივ ძალადობაზე ხელისუფლება არ რეაგირებდა.
„ქართული ოცნება“ გეგმავს რუსული კანონი მესამე და საბოლოო მოსმენით მომდევნო კვირაში მიიღოს. 13 მაისს, ორშაბათს, დილის 09:00 საათიდან კანონს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, მომდევნო დღეს კი კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან 12 მაისს, საღამოს 10 საათზე განახლდება და დემონსტრანტები ღამეს გაათენებენ.
კანონის განხილვის პარალელურად, საქართველოში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტების დელეგაცია ჩამოვა. 14 მაისს, თბილისს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.