ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაცემების ნაწილს ხურავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე

ტელეკომპანია „ფორმულა“ თებერვალ-მარტში გადაცემების ნაწილს დახურავს. არხის ხელმძღვანელობის განმარტებით, შექმნილი პრობლემების გამო, მაუწყებლობა ახალ ფორმატზე გადადის, თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს და ეთერში მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გადაცემებს ტოვებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია, არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია. შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს, არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ დღეს, 31 იანვარს, გავრცელებულ განცხადებაში.

„ფორმულას“ არ დაუსახელებია ის გადაცემები, რომლებიც დაიხურება. ია ფარულავამ და თათია შარანგიამ გუშინ თქვეს, რომ იხურება მათი გადაცემები „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ და „სთორი“. 2024 წლიდან დაიხურა ნოდარ ჩაჩანიძის ყოველკვირეული გადაცემა „რეგიონის ხმა“.   

ტელეკომპანია „ფორმულა“ 2019 წელს დაფუძნდა და 2023 წლის აგვისტომდე მისი საკონტროლო პაკეტი, 51%-იანი წილი, ეკუთვნოდა 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, კეზერაშვილმა თავისი წილიდან 25% „ფორმულას“ თანამშრომელთა გაერთიანებას, ააიპ „თავისუფლების ფორმულას“ გადასცა. BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გლობალური თაღლითური სქემის უკან იდგა. კეზერაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).