საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „ქართული იდეის“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა. „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ გაუქმების შემდეგ, პრორუსული პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული იდეის“ სახელით მიიღონ მონაწილეობა და როგორც თავად ამბობენ, ამისთვის ცესკოში 70 000 მხარდამჭერის ხელმოწერაც მიიტანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ გამოაქვეყნა ცესკოს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 23 აპრილს წარმოებაში მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება. ცესკო განმარტავს, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურებს აჩერებს.
„ცესკომ გვითხრა, რომ არ დაითვლის 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა „ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა, არჩევანი კიდევ ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა, ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო“, - ამბობს ზურაბ მახარაძე, „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
პრორუსული ძალის კიდევ ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ თქვა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში „ქართულ იდეასთან“ დაკავშირებული საჩივარი არ ფიქსირდება:
„საჩივრის შესვლის შემთხვევაში, რეესტრს კანონი ავალდებულებს, დაუყოვნებლივ ასახოს ბაზაში. ეს გაურკვეველი შინაარსის საჩივარი, სინამდვილეში, უბრალოდ არარსებული ფარსია, რომელიც „ქართული ოცნების“ მოხელეებმა სახელდახელოდ მოიგონეს „ალტ ინფოს“ ახალი პარტიის კიდევ ერთხელ, სასწრაფოდ დასაბლოკად. უბრალოდ გვბლოკავენ. რეალურად, „ოცნება“ ყველანაირ ზღვარს გადავიდა, კანონში არსებულ საშუალებებს გაცდა, ჩრდილოეთ კორეის პროცესით მიდის“, - აღნიშნა მარტინენკომ.
სამი დღის წინ გამართულ ყრილობაზე პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარედ გიორგი ქარდავა აირჩიეს, რომელიც მანამდე „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ თავმჯდომარეობდა. პარტიების რეესტრში ეს ცვლილება ჯერ ასახული არ არის და რეგისტრაციის ამონაწერში „ქართული იდეის“ თამჯდომარედ ისევ ლევან ჩიჩუა ფიქსირდება.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკურ პარტიად დაახლოებით სამი წლის წინ დაარეგისტრირა, ამავე უწყების გადაწყვეტილებით, 8 აპრილს გაუქმდა. რეესტრმა პარტიის რეგისტრაციის კანონიერება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და დაადგინა, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს, პარტიის ხელმძღვანელობის მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, წესდება ყრილობის მიერ არ იყო დამტკიცებული.
„ალტ ინფოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო რეესტრის მეშვეობით, მათი პარტია კანონის უხეში დარღვევით გააუქმა, რათა „კონსერვატიულ ფლანგზე მოქმედ ყველაზე ძლიერ და გავლენიან პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო. 13 აპრილს, „ალტ ინფომ“ თბილისში, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. სწორედ იქ განაცხადა ზურაბ მახარაძემ, რომ მათ პარტია „ქართული იდეა“ აჩუქეს. ასევე პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილებით გამორჩეული პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეა“ 2014 წელს არის რეგისტრირებული.