„იმედია, მალე გაუქმდება ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ გადაწყვეტილებით შეუძლებელია წინასაარჩევნო პროცესი თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა ანტიკორუფციული ბიუროს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები „პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ყოფილმა სახალოხო დამცველმა თქვა, რომ რაჟდენ კუპრაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
„ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება სწორედ პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსების შესწავლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ის არ აკეთებს იმას, რაც კანონით ევალება, არცერთი კონკრეტული ფაქტი, სერიოზული კორუფციული გარიგებისა, ქვეყნაში არ გამოვლენილა, კითხვაც კი არ გაჩენილა და არ დაუწყიათ შესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია ბევრია მედიაში, საგამოძიებო სტუდიებსა და სამოქალაქო სექტორში.
ეს გადაწყვეტილება მიმართულია უშუალოდ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, სადაც პირდაპირ არის მოცემული დეფინაცია, ვინ შეიძლება ჩაითვალოს „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ სუბიექტად. ... ორგანიზაციას ან პირს უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი. კანონი ხაზს უსვამს, რომ ეს უნდა იყოს საჯაროდ ნათქვამი. ეს მიზანი არ არსებობს და შესაბამისად, არ არსებობს არც შემადგენლობა იმ გადაწყვეტილების, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა მიიღო. ის უნდა გაუქმდეს. არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „აირჩიე ევროპა“ არიან რაიმე პოლიტიკური, საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაციები არ არსებობს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური გავლენების ქვეშ არის, ხოლო მისი ხელმძღვანელი „არის მონაწილე იმ სქემის, რომლის მიზანი ქვეყანაში დამკვირვებელი ორგანიზაციების დევნაა“, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ დასკვნები საზოგადოებამდე ვერ მივიდეს.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოიყენა რამდენიმე დღის წინ სასამართლოს მიერ მიღებული ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ყველა სტრუქტურა არის კოორდინირებული, რათა ერთად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს. ...
ძალიან სამწუხაროა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი პრეცედენტი ხდება, რადგან ეს გავრცელდება სხვა ორგანიზაციებზეც. ის, რისი მიღწევაც ვერ შეძლეს რუსული კანონით - როდესაც სურდათ სამოქალაქო სექტორის, მედიის განადგურება, ის, რომ გადაეკეტათ დაფინანსების წაყაროები და ზოგადად, საზოგადოებაში ამ ორგანიზაციბზე სტიგმა შეექმნათ - პრაქტიკულად დაიწყეს უკვე სულ სხვა სტრუქტურის გამოყენებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. შესაბაისად, მათზე პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედი შეზღუდვები გავრცელდა. ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეკა გიგაური საპარლამენტო არჩევნებს მოიხსენიებს როგორც ერთგვარ რეფერენდუმს რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა. ანტიკორუფციული ბიუროს კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ იქნენ ცნობილი, წინასაარჩევნო კამპანიაში „ჩემი ხმა ევროკავშირს“ მონაწილეობაა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლებიც - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.
აღნიშნულ ორგანიზაციებსა და პირებს 5-დღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება „მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის“.