ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ლგბტი ფობიით მანიპულირებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დისკურსით, რაც აჩვენა პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებამ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონის მიღების ინიციატივის შესახებ. ის [„ქართული ოცნების“ ინიციატივა] ასახავს ღრმად ფესვგადგმულ მავნე სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს ლგბტი ადამიანების მიმართ, რაც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართული საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსთა შორის და შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ნეგატიური გავლენა ლგბტი ადამიანებისა და მათი უფლებების დამცველების უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.
ის ასევე წარმოადგენს ლგბტი ფობიით პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ, რაც მე ადრე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს კანონის უზენაესობასა და ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.
დუნია მიატოვიჩი აღნიშნავს, საქართველოში ლგბტი ადამიანები კვლავაც არიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ფართო დისკრიმინაციის სამიზნე, რეგულარულია შემთხვევები, როდესაც ჩამორთმეული აქვთ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
„საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოვუწოდე, გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ლგბტი ადამიანების წინააღმეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის, დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ წაქეზების მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში, თვალს ვადევნებ მზარდ მასტიგმატიზირებელ რიტორიკას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური საქმიანობის ძირის გამოსათხრელად იყენებს.
ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები, მათ შორის ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების საქმიანობისთვის. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, მტკიცედ დაგმონ ლგბტი ფობიის ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა მიატოვიჩმა.
ევროკომისარი სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც მხარს უჭერს და იცავს ქართული საზოგადოების ყველა წევრის, მათ შორის ლგბტი ადამიანების უფლებებს.
„ქართულ ოცნებას“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საბაბით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სურს. წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები კრძალავს აზრის ნებისმიერ საჯარო გამოხატვას ან საჯარო შეკრებას, რომელიც შეიძლება „ერთსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციად“ ჩაითვალოს. მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო 113 ხმა პარლამენტში არ აქვს. როგორც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ცვლილებების მხარდაჭერა „ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც“ იყოს უზრუნველყოფილი.