საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მორიგი შეცდომა“ უწოდა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სავიზო სანქციების დაწესებაზე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ეს არ არის პირველი შეცდომა და ალბათ, აქედანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა მე პირადად ამას მავარაუდებინებს“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაახანგრძალივებს დროს იმ დღის დადგომამდე, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება.
„ამიტომ არის შეცდომა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ. არასდროს გვითქვამს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მათთან მეგობრობაზე უარი. რეალურად, ეს მთავრობაა ვიღაცისთვის პრობლემა. ამ მთავრობას, რომლის წევრიც ვარ განუწყვეტელი 12 წლის განმავლობაში, არასდროს, არცერთხელ, არცერთ დარგსა და სფეროში არ გადაუდგამს სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი. მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როდესაც ჩვენი მეგობარი გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი ფიქრობს, რომ აშშ-ის სანქციების მიზანი ხელისუფლებასა და ხალხს შორის უფსკრულის შექმნა ან/და გაღრმავებაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის დამტკიცების, ასევე, კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ძალადობისა და დაშინების კამპანიის გამო, სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღო, 6 ივნისს კი, ამ პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა. სავიზო სანქციების პირველი ნაწილი დაახლოებით 30 ადამიანს შეეხო. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და კერძო პირები. დასანქცირებულთა სახელები საჯაროდ არ დასახელებულა.
აშშ მზად არის დამატებითი სანქციების დასაწესებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, სიტუაციის შემობრუნებისთვის.
