ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების დროს, „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკეს რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო და მოითხოვეს მათი დასანქცირება, ვინც მის მიღებას ცდილობს. არაერთხელ გაჟღერდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილისა („ხარება“) და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის სანქცირების მოთხოვნაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განმეორებითი მცდელობები, მიიღოს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, აჩვენებს მათ განზრახვას, გააკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინონ მედიასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
„ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და პოლიტიკური რეფორმების სულისკვეთებას. რეპრესიული კანონის ე.წ. დასავლური პრაქტიკით გამართლების მცდელობები უბრალოდ პათეტიკურია. მსგავსი კანონი რუსული ავტორიტარიზმისკენ დაბრუნების გასაღებია. მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას აორგანიზებენ - კერძოდ კი, ზვიად ხარაზიშვილისა და ვაჟა სირაძის მიმართ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.
მარკეტა გრეგოროვამ აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და რუსული კანონის მიღებას ცდილობს. გარდა ამისა, ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში იგეგმება ლგბტ+ უფლებების შეზღუდვა და მშვიდობიანი მომიტინგეები კიდევ ერთხელ აწყდებიან რეპრესიებს, ამჯერად ზვიად ხარაზიშვილს მხრიდან. მისი თქმით, ეს ყოველივე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული და თავდასხმის მსხვერპლი ერთი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუახლოვდეს ევროპულ ღირებულებებს - აქ ცხადია, უკრაინას ვგულისხმობ, კიდევ უფრო მტკივნეულია ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო რუსეთის სისტემას. კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა. შეიძლება იყოს ფინანსური შედეგები. გთხოვთ, თქვენს მოქალაქეებსაც არ წაართვათ ევროპული გზა“, - აღნიშნა გრეგოროვამ.
„ფაქტობრივად, ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ თუ საუბარია „უცხოეთის აგენტებზე“, „უცხოეთის აგენტები“ არიან მმართველ პარტიაში, რომლებიც აკოპირებენ რუსეთის კანონებს, ხელს უწყობენ რუსულ მმართველობას და შესაძლოა, მათი სახელითაც კი მართავენ. ძალიან მაინტერესებს საით მიდის ეს ქვეყანა და საით მიდის მისი მმართველი პარტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის ნებას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს ქართული და ევროპული დროშებით“, - განაცხადა მაიკლ გალერმა, რომელმაც გამოსვლის დასასრულს კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის სანქცირება. ევროპარლამენტარის თქმით, სწორედ ივანიშვილია ის, ვინც რეალურად წარმართავს საქართველოში დღის წესრიგს.
ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარლამენტის 83 წევრს, რომლებმაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები უწოდა. კრამონმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურების დავალებას კრემლიდან იღებს.
„ყოველთვის როდესაც მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ფსკერზეა, მაკვირვებს და კიდევ უფრო დაბლა ეცემა, რადგან „ქართული ოცნება“ რეალურად რუსული ოცნებაა. როდესაც პარლამენტის 83-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ეს მარიონეტების შოუა და ამ 83 ღილაკის დამჭერის ოსტატი ბიძინა ივანიშვილია. კრემლში კი მარიონეტების ოსტატის ოსტატი ზის.
ოლიგარქი რუსი პატრონისგან ერთადერთ ინსტრუქციას იღებს - საქართველო ისევ რუსულ ჭაობში ჩაათრიე, გაანადგურე ქვეყნის ევროპული მომავალი და მახინჯი „რუსკი მირი“ შექმენი. პუტინის მოსაწონად ივანიშვილი და მისი მარიონეტები ყველაფერს გააკეთებენ - დაარღვევენ კონსტიტუციას, სცემენ ხალხს, უღალატებენ ქვეყანას.
მაგრამ ქართველი ხალხი არ დაჯდება გულხელდაკრეფლი და ამას არ შეეგუება. ახალგაზრდობა წინ დგას, რადგან თავისუფლებაში დაბადებულები არ იღებენ რუსულ ბორკილებს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით მათი და ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მირიამ ლექსმანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა წარდგენილი კანონი იგივეა, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს და მას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობის გაძლიერებასთან, არამედ ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.
„ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავყინოთ საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპი. მეორე, საქართველოსთვის ნებისმიერი მომავალი ფინანსური დახმარების პირობა უნდა იყოს ამ დამაზიანებელი კანონის გაუქმება. და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ საბჭოს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლექსმანმა.
მარინა კალიურანდმა „ქართული ოცნების“ მიმართა თხოვნით, შეწყვიტოს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა და აღნიშნა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონს.
„სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ხალხის ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ხალხს იმედი არ გაუცრუოთ.
მსურს დავარწმუნო საქართველოს ხალხი, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი ნაწილიც უნდა გააკეთოთ - წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი“, - თქვა კალიურანდმა.
ევროპარლამენტში აპირებენ მიიღონ რეზოლუცია „საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. რეზოლუციის საბოლოო ტექსტს კენჭს ხუთშაბათს, 25 აპრილს უყრიან.