„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა საქართველოს მივეცი, შევწირე ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სააკაშვილის თქმით, კლინიკაში მრავალთვიანი მკურნალობის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
1-ელ თებერვალს გამართულ პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინულ ენაზეც ისაუბრა და უკრაინელებს მიმართა: „მივესალმები ყველა თანამოქალაქეს. ახლა ვარ მატროსოვის ციხეში. ჩემს მიმართ განხორციელდა წამება, მე ვიყავი მოწამლული... ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი და მისი ოფისის მადლობელი ვარ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას. დიდება უკრაინას და სიკვდილი ჩვენს მტრებს“.
საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მიხეილ სააკაშვილმა კამერის წინ მაისური აიწია. ამის შემდეგ პროცესი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის დაკითხვით გაგრძელდა. ექიმმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი: „მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს - მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, - განაცხადა წულაძემ.
მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან იმყოფება. კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, 28 იანვარს, დილით, მიხეილ სააკაშვილი 69.7 კილოგრამს იწონიდა. ჩხაიძის თქმით, ბოლო დღეებში სააკაშვილმა იმ საკვების მიღებაც შეამცირა, რასაც მანამდე იღებდა, უარი თქვა საკვები დანამატების მიღებასა და ინფუზიური თერაპიის ჩატარებაზეც. როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, თუ მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციას არ შეასრულებს, „ამან შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“.
ადვოკატებმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი მოხდის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს. სასამართლოში საქმის განხილვა დღემდე გრძელდება. მათ მოთხოვნას საფუძვლად ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა უდევს, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.