რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომის დახურვამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მატვიენკოს ჰკითხეს, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, არის თუ არა კონტაქტი პარლამენტის წევრებს შორის.
„სამწუხაროდ, ჯერ კონტაქტები არ არის - გასაგებია, რომ ჩვენი ბრალეულობით არა. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ბევრი რამის გადააზრება ხდება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, შედეგები განსაზღვრავს განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს. არჩეული იქნება ახალი პარლამენტი.
თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, ჩვენ ახლავე მზად ვართ ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია. ამაში მდგომარეობს პარლამენტის წევრების მისია, პარლამენტარების მისია. იმისთვის იჩევს მათ ხალხი, რომ აწარმოებდნენ საპარლამენტო დიპლომატიას, აგებდნენ ხიდებს, აღადგენდნენ მეგობრობას. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, მაგრამ, გასაგებია, ეს არის გზა ორმხრივი მოძრაობით“, - განაცხადა მატვიენკომ.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში „ასეთი სიტუაციაა“, რუსეთში ისევე სცემენ პატივს ქართველ ხალხს, როგორც უწინ.
„როგორც მივიწრაფოდით ქართველებთან მეგობრული, კულტურული, ჰუმანიტარული კავშირების განვითარებისა და შენარჩუნებისკენ, ისეა დღესაც. იცით, რამდენი ტურისტი ჩადის საქართველოში და როგორი პატივისცემა აქვთ ქართველი ხალხის კულტურის, სამზარეულოს, მისი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების მიმართ?! ამიტომ ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობარია.
ვნახოთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია. ვხედავთ და აშკარაა, რომ საქართველოზე გარედან ძლიერი ზეწოლა ხორციელდება ცნობილი სცენარებითა და ინსტრუმენტებით. გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს“, - აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ.
ერთი თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით სვლისკენ და ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივას მიესალმება.
