„ორივე მხრიდან დავიძრათ და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთნით თქვენ“, - ასე მიმართა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ორი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვაშაძის თქმით, ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათთან კონტაქტზე არ გასულან და არც საჯარო განცხადება გაუკეთებიათ აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, მოვუწოდებ შინაგან თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, როგორც ეს საზიზღრად გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ და განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო.
ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ მოგვიწევს, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ.
გთხოვთ, ხელის აწევით დამიდასტუროთ თანხმობა ამ სამოქმედო გეგმაზე. მაშ ასე, მეგობრებო, მშვიდობიანად დავიძრათ პარლამენტის გარშემო, მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არ უნდა ემსახურებოდეს რუსული ინტერესების განხორციელებას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პიკეტირების გადაწყვეტილება აქციაზე მყოფმა სხვადასხვა ჯგუფმა და ორგანიზაციამ მიიღო. მანამდე მათ მოითხოვეს, რომ მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოდან დაუყოვნებლივ გაეხმო „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი და გაეთავისუფლებინა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა მრავალათასიანი საპორტესტო აქცია იმართება. გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი დემონსტრანტები დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, ცრემლსადენ გაზს კი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად უშვებდა. დაშავდა არაერთი ადამიანი. ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქცია რამდენჯერმე დაიშალა, ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა. პოლიციელები მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში დასდევდნენ და აკავებდნენ, დაკავების დროს კი ძალადობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, სულ 76 ადამიანი დააკავა. დაკავებები აქციის მეორე დღესაც მიმდინარეობდა.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.
