ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროინტეგრაციაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველომ შესაძლოა 20-30 წელი დაკარგოს „ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო“. ვიდეომიმართვა, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, გორში, თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს არის ჩაწერილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტი, ისეთი პერიოდი, რომ - მე გპირდებით ამას -თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ ვინ სად იდგა, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ რას აკეთებდა, არსად გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზებაც მოხდება. ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე იქნება იმიტომ, რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. დღეს წყდება ბედი... აი, უახლოესი ერთ-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომლებიც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ დაუშვა და იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ იმიტომ, რომ დღეს ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა... ჩვენი დამსახურებით არაფერი გაჩენილა.
უბრალოდ, გაჩნდა გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს - თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს საქართველოსთვის რას ნიშნავს? მოიგოს 20-30 წელი. ჩვენ ყველას ხომ კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს ასე სწრაფად, არ იქნებოდა. ერთი მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო, წლები და მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკაროთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული.
ისტორია ამას შეაფასებს. აგერ, ნახავთ! მე დარწმუნებული ვარ ამაში“, - ამბობს გახარია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობასაც უსვამს ხაზს. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ არის წასული და „მარიონეტების ხელით“ მოქმედებს.
„ვიღაც რომ გამოდის და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85%-ის სრული კონსენსუსია, სად უნდა იყოს საქართველო და სად არის საქართველოს მომავლის ადგილი და უცებ ჩნდება შესაძლებლობა, შემთხვევით, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და დრო მოუგო ისტორიას, წლები მოუგო და უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაც გამოდის - იდიოტი, ბოდიში, და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს, უნდა ისეთი ევროპა თუ არა. აბა იმ 85%-ს ჰკითხოს, უნდათ ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო მთავრობა. უნდათ? პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და გაითვალისწინეთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე ამას ჩემ თავსაც ვეუბნები. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება.
მაგალითად, ბიძინას [ივანიშვილს] თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, მე წავედი პოლიტიკიდან და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და აი, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის და ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება, ძალიან ცდება“, - თქვა გახარიამ.
ევროკომისია მზად არის, საქართველოს მიანიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ევროკომისიის რეკომენდაციები ეხება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას, დეოლიგარქიზაციას, სასამართლო რეფორმის გატარებას, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერებას, სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის არჩევას და ა.შ. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებაზე საკუთარ ანგარიშს 2023 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.
ამ თემაზე:
24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე - ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ წლებია ელოდებიან წევრობას - ღარიბაშვილი