„24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე. გასაგებია, გავიგეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო და ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ, ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს, პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი. ამის შემდეგ იწყება სხვა პროცესი და ა.შ.
წლები დასჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, წლები. ამას სჭირდება მომზადება და არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაცა სასწაული მოხდება და დაინგრევა მეორე მხრივ, თუ არ მივიღებთ სტატუსს.
სტატუსს მიიღებს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს სრული მზაობა ვაჩვენოთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს საინტერპელაციო კითხვებით ოპოზიციის წევრებმა გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ მიმართეს.
კითხვები საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად გაწეულ სამუშაოებს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს და საქართველოს ენერგორესურსებს ეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი არ ესწრება.
„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა (და ეს მართლაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება), პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის, მეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ ის, რასაც თქვენ აკეთებდით 10 წლის განმავლობაში: საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა დეპოლარიზაციაა, თუმცა „ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამის საპირისპიროდ იქცევა“.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 10 წელიწადში ხელისუფლებამ ხელი მოაწერა: ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს.
„კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორია ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია - მინდა მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაამსხვრია ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, ჩვენმა გუნდმა ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე ევროპარლამენტს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, თქვენ კი ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო შეთქმულება, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილენი ხართ ყველანი.
ასევე, შეგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც იყო ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაეკეთებინა პატრიოტ მოქალაქეს, მით უმეტეს, პოლიტიკოსს? რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციაში არის თუ პოზიციაში, თუ მას შეუძლია რაღაც წვლილი შეიტანოს. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს სტატუსი ჩვენც მიგვეღო ავანსად. როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტარ წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედა-პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ ლანგრით მიართვეს მიზეზი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არავინ არ დავობს არსად, რომ საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით - „ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის ავანსად მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან უკრაინა არის ომში, მოლდოვა კი ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის“.
ევროკავშირი 1993 წელს დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია, რომელშიც ამჟამად 27 სახელმწიფოა გაერთიანებული. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვთ ალბანეთს (2014 წლიდან), სერბეთს (2012 წლიდან), მონტენეგროს (2010 წლიდან), ჩრდილოეთ მაკედონიას (2005 წლიდან) და თურქეთს (1999 წლიდან). კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ. წევრობის პოტენციური კანდიდატი ქვეყნები არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა და კოსოვო. ევროკავშირი მზად არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. კომისია მონიტორინგს უწევს რეკომენდაციების შესრულებას და საკუთარ ანგარიშს 2023 წლის შემოდგომაზე წარადგენს.