რუსული კანონის ირგვლივ საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, გერმანელი ევროპარლამენტარი, „მწვანეთა პარტიის“ წევრი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პროექტების დაფინანსება და სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
დღეს, 1-ელ მაისს, საქართველოს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი ეწვევა. ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 1-2 მაისს, ვიზიტის ფარგლებში, ხერტ იან კოოპმანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტსაც გახსნის.
„არ ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოცხადების დროა, არამედ ევროკავშირმა სწრაფად უნდა შეწყვიტოს ევროპის აღმასრულებელი დონის დაფინანსება და რაც შეიძლება მალე შეიმუშავოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამას ელოდება და იმსახურებს ქართველი ხალხი.
გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის ცემა. აღარ იყოს ძალადობა და სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი. არანაირი მშვენიერი პროექტები და ბედნიერი სურათები ქართველ ჩინოვნიკებთან“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, თბილისში მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მათი ნაწილი კი მივიდა პარლამენტის შესასვლელებთან, საიდანაც სესიის დასრულების შემდეგ რუსული კანონის ავტორი და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მშვიდობიანი აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ძალოვანები ახალგაზრდებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და პარლამენტის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სპეცრაზმის თანამშრომლებმა სცემეს. მას ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, ჩამტვრეული აქვს კბილები და დაზიანებული აქვს თვალი. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა.