ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებდა, 1-ელ და 2 მაისს თბილისს ეწვევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხერტ იან კოოპმანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესრულებისთვის საჭირო სამუშაოზე ისაუბრებს.
ხერტ იან კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობის წევრებს, ვიცე-პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის, ასევე ,შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.
ხერტ იან კოოპმანი ასევე ახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალის გაზრდაში და სესხების ეროვნულ ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
ევროკომისის გენერალური დირექტორი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.
დაახლოებით ორი თვის წინ საქართველოს მთავრობამ და მმართველი პარტიის ლიდერებმა ხერტ იან კოოპმანი გააკრიტიკეს ბრიუსელში გამართული იმ შეხვედრის გამო, რომელშიც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა.
„როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ევროკავშირის ელჩისგან განმარტების გაკეთებაც მოითხოვა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენდირექტორი შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. „ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში და მიუთითეს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას.
