საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ზურაბ აზარაშვილის გადაყენების საფუძვლად მართვისა და კომუნიკაციის პრობლემები დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. პირადად როცა მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან, მოვიდა 8 ადამიანი, ინტელიგენტი ექიმი ხალხი, რომელსაც ჰქონდა თავისი არგუმენტები. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება.
თქვენ ასევე ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს. ასეთი საკითხები არ საჭიროებს უფრო მაღალ დონეზე ატანას. უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე მე პრობლემები. ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს არა მარტო ჯანდაცვის სფეროში, ყველა სფეროში“, - განაცხადა კობახიძემ მედიასთან.
რაც შეეხება ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
„ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, შესაძლოა, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის გუნდის წარმომადგენელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მედიაში ოთხი მინისტრის, მათ შორის, ზურაბ აზარაშვილის შესაძლო შეცვლის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რასაც თავად ირაკლი კობახიძეც უარყოფდა. დღეს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა მის გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა. ზურაბ აზარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო.
2024 წლის 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი, მრავალპროფილური, 500-საწოლიანი კლინიკის აშენების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ხუთ საექსპერტო დასკვნას, რომელთა მიხედვითაც, „იმისათვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია“. პარალელურად რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და სამინისტრო ექიმებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვდა.
„რესპუბლიკურის“ თანამშრომლებმა შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრეს. ექიმები აქციებს მართავდნენ და რეორგანიზაციის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შეჩერებასაც ითხოვდნენ, რომელიც ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიაჩნდათ.
23 თებერვალს ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. გაჩერდება რეორგანიზაციაც და საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში ფუნქციონირებას იგივე შენობაში გააგრძელებს.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)