მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღარ დაანგრევს ახლის აშენებამდე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. გაჩერდება რეორგანიზაციაც და საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში ფუნქციონირებას იგივე შენობაში გააგრძელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერმა თქვა, რომ შენობას მდგრადობის კუთხით პრობლემები არ აქვს, „ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება“.

კობახიძის განმარტებით, ახალი სამედიცინო დაწესებულება საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება, წინა ტერიტორიას კი, არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ, საინვესტიციოდ გამოიყენებენ.

„ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ. ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ძალიან ძვირი ჯდება. სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა საინვესტიციო პროექტი განხორციელდება ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და კომერციულად მომგებიან ადგილზე: „მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იქნება შეთავაზებული ქალაქისთვის, ქვეყნისთვის“.

მთავრობამ 2022-2024 წლებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა გადაწყვიტა. ბოლო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 22 იანვრით თარიღდება. ექიმები ამ პროცესში ჩართულები არ ყოფილან.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ შენობა 1960-70-იან წლებშია აშენებული და არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას კლინიკის პერსონალი პერმანენტული აქციებით აპროტესტებდა. რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო კლინიკებს შორის ყველაზე დიდი მრავალპროფილური დაწესებულებაა და გამორჩეულია ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობით.

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, კლინიკის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა: სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ, კომპენსაცია ხელფასის 12 თვის ოდენობით მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვინც პარალელურად სხვაგან არ მუშაობენ; თუ სხვაგანაც არიან დასაქმებულნი, მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია; ვინც სამსახურიდან თავისი ნებით არ წავიდოდა, რომელიმე სხვა კლინიკაში იმავე პოზიციაზე დაასაქმებდნენ და 4 თვის კომპენსაციას გადაუხდიდნენ. ვისაც მსგავს თანამდებობას ვერ შესთავაზებდნენ, 3 წლის განმავლობაში ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მისცემდნენ.

30 იანვარს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი შეჩერება მოითხოვეს.

ჯანდაცვის სამინისტროს 19 თებერვლის განცხადების თანახმად, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შეთანხმებით დაადასტურა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მალხაზ გოგუა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება კლინიკის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის რამდენიმე წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ყველაზე ოპტიმალურია: „ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიბრძვით. ამიტომ, არ მივიჩნევთ, რომ ვიღაცას ბრძოლა მოვუგეთ“.

რაც შეეხებათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკომპენსაციო პაკეტები უკვე მიიღეს, ჯერ არ არის დაზუსტებული, რა ფორმით ან საერთოდ შეძლებენ თუ არა „რესპუბლიკურში“ მუშაობის გაგრძელებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.