რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის საკუთარ დამოუკიდებლობას მსხვერპლად არ გაიღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
გამოცემა „გაზეტა.რუ“-სთან ინტერვიუში ზატულინმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების ფონზე, თბილისში კვლავ ალაპარაკდნენ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დალაგებაზე.
„არჩევნების წინ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა თავისი ახალი მიდგომის შესახებ განეცხადებინა. კერძოდ, 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე. ეს გაკეთდა არა მარტო საერთაშორისო, არამედ ძირითადად შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ისინი ასე ცდილობენ ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა ქვეყანა სააკაშვილმა ამ აგრესიით“, - თქვა ზატულინმა.
რუსი დეპუტატის თქმით, არ ღირს, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს გათვლა, რომ აფხაზები და ოსები მზად არიან ქართველებთან გაერთიანებისთვის.
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირ გავლენას არ მოახდენს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, რისი იმედიც შესაძლოა ვიღაცას აქვს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს რაიმე გეგმა, რომ შევცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება რაღაც ეფემერული სარგებლისთვის“, - დასძინა ზატულინმა.
14 სექტემბერს, გორში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. ივანიშვილს ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გამოეხმაურნენ. დე ფაქტო რესპუბლიკები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას ელიან.