„EU NEIGHBOURS EAST“-ის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოქალაქეთა 71% უჭერს მხარს, 87% კი მიიჩნევს, რომ ამ გზაზე ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბრის კვლევასთან (74%) შედარებით, მხარდაჭერის მაჩვენებელი 3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ამასთან, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება.
მოსახლეობა გაწევრიანების მთავარ უპირატესობებად ასახელებს:
- უკეთეს მომავალს ბავშვებისთვის (47%);
- მშვიდობასა და უსაფრთხოებას (47%);
- განათლების პოლიტიკისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას (44%).
გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით მოლოდინები არაერთგვაროვანია: 27% ამას უახლოეს 5 წელიწადში ელის, 24% - 5-დან 15 წლამდე პერიოდში, 7% მიიჩნევს, რომ პროცესს 15 წელზე მეტი დასჭირდება, ხოლო 12% სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში არასდროს გაწევრიანდება.
ევროკავშირი რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად (67%). ის მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს: მსოფლიო ბანკს (63%), აშშ-ს (58%), გაეროსა (54%) და ნატოს (54%). ამასთან, მოქალაქეთა 40%-ს ევროკავშირის შესახებ მკვეთრად დადებითი წარმოდგენა აქვს, 50% ნეიტრალურია, ხოლო 8% უარყოფითად არის განწყობილი.
მაღალი მხარდაჭერის პარალელურად, საზოგადოებაში ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით შეშფოთება შეინიშნება:
- 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ არასწორი მიმართულებით მიიწევს.
- 56% აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესახებ ბოლოდროინდელი კანონები გაწევრიანების პროცესზე უარყოფითად აისახება.
- 87% თანხმდება, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მეტი უნდა გააკეთოს.
გაწევრიანების მთავარ დაბრკოლებად მოქალაქეები პოლიტიკური ნების არარსებობას (34%), ტერიტორიულ დავებსა და ოკუპაციას (13%) და მოთხოვნილი სტანდარტების დაკმაყოფილების შეუძლებლობას (13%) მიიჩნევენ. გარდა ამისა, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (2025 წლის 63%-დან 2026 წელს 60%-მდე).
კვლევამ გამოავლინა მოსახლეობაში არსებული კონკრეტული შიშები და სკეპტიციზმი. მიუხედავად იმისა, რომ 76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს და 75% თვლის, რომ წევრობა უსაფრთხოებას გააძლიერებს, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს, ხოლო 43% ამბობს, რომ ის საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს საზოგადოებას.
ევროკავშირის წევრობის მთავარ პრობლემებად მოქალაქეები ახალგაზრდობის გადინებასა და ემიგრაციას (35%), იმიგრაციის მაღალ დონესა (22%) და კულტურული იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვას (15%) მიიჩნევენ.
ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიღების მაჩვენებელი 14 პროცენტული პუნქტით შემცირდა (40%-მდე). ამასთან, გამოკითხულთა 86% დეზინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს.
ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მოსახლეობის 70% ინფორმირებულია, მათგან 48% ამ დახმარებას ეფექტურად მიიჩნევს, 24% კი ევროკავშირს ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ მხარდამჭერად ასახელებს.
კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1200 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.
