საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა ქმარმა იარაღიდან გასროლით მოკლა. მკვლელობა დღეს, 6 ოქტომბერს, დაახლოებით 2 საათზე მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
როგორც „საქართველოს ამბებმა“ გამოარკვია, გოგონა აითაჯ შ-ა დმანისის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან იყო. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მცხოვრებმა აალიმ ს-მ ის ცოლად დაახლოებით ორი თვის წინ შეირთო და მასთან ერთად, ლამბალოში ცხოვრობდა. არაერთმა პირმა დაგვიდასტურა, რომ გოგონა მოიტაცეს, თუმცა პოლიციისთვის საჩივრით არც გოგონას მშობლებს და ახლობლებს არ მიუმართავთ.
მამაკაცი სრულწლოვანია, დაახლოებით 25 წლის. ოჯახი მათთვის ქორწილის გადასახდელად ემზადებოდა.
გოგონა დმანისის სოფლის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო. „საქართველოს ამბები“ ამ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში რაც საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო და გოგონა სკოლაში არ გამოცხადებულა, ამის შესახებ რატომ არ აცნობა პოლიციას ან სოციალურ სამსახურს.
„გუშინაც გაკვეთილებზე იჯდა“ - ჩვენი მოტყუება სცადა სკოლის დირექტორმა.
- იცით, რომ მოკლულია?
- მოკლული?
- დიახ, მოკლეს, დღეს. ორი თვეა სოფელ ლამბალოშია და გუშინ გაკვეთილებზე როგორ იმყოფებოდა დმანისში?
ამის შემდეგ სკოლის დირექტორმა ჩვენთან კომუნიკაცია გაწყვიტა.
14 წლის გოგონას მოტაცებისა და ცოლად შერთვის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებიათ არც სოფელ ლამბალოში მცხოვრებ იმ პირებს, ვინც ეს ამბავი იცოდნენ, საჯარო სამსახურებში მუშაობენ და იციან, რომ ბავშვის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედება მძიმე დანაშაულებია. საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს იორმუღანლოს ზონაში ცალკე განყოფილებაც აქვს, თუმცა თავად პოლიციასაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
გოგონას ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კახეთის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ის ორსულად. მოკლულის ნათესავებიდან ექსპერტიზის ცენტრში ჯერ არავინ მისულა.
მკვლელობაში მხილებული მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 11 პრიმა 109 მუხლით იძიებს, რაც გულისხმოს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
14 წლის ბავშვის მკვლელობას გამოეხმაურა სახალხო დამცველი.
„საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.
მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.
სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.
საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები“.
ამ თემაზე:
საგარეჯოში 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
სასამართლომ დააპატიმრა საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედა და ბიძა