პოლიციამ საგარეჯოში 27 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალი ედება 14 წლის გოგოს, აითაჯ შ-ს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში. ბრალდებულს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 2009 წელს დაბადებულ აითაჯ შ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების
უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა იარაღიდან გასროლით 6 ოქტომბერს მოკლა. აითაჯ შ-ა დმანისის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან იყო. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მცხოვრებმა მამაკაცმა ის ცოლად დაახლოებით ორი თვის წინ შეირთო და მასთან ერთად ცხოვრობდა. „საქართველოს ამბებს“ არაერთმა პირმა დაუდასტურა, რომ გოგონა მოიტაცეს, თუმცა პოლიციისთვის საჩივრით არც გოგონას მშობლებს და ახლობლებს არ მიუმართავთ. გოგო დმანისის სოფლის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო. შესაბამისი სამსახურებისთვის არც სკოლას უცნობებია, რომ ის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც სწავლა განახლდა, სკოლაში არ დადიოდა.
„ჩემი შვილი მოიტაცეს, ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. მან ჩემი შვილი მოკლა იმიტომ, რომ წამოსვლა უნდოდა. ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ მან დაიჭირა და წიხლები ურტყა. მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყვანა სახლში, გოგომ უთხრა, 14 წლის ვარ, არ მიყვარხარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო. იმან კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს“, - უთხრა მოკლულის დედამ ჟურნალისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აითაჯ შ-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.