საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
კანონპროექტის მიხედვით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით;
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით;
იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
განმარტებითი ბარათის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში შესაბამისი პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხს ითვალისწინებს, პრაქტიკაში ხშირია დარღვევის ფაქტები. „სამართალდამრღვევთათვის კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის შემაკავებელი ფაქტორი. ზემოაღნიშნულ პრობლემაზე ნათლად მიუთითებს არსებული სტატისტიკაც. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. 2021 წლის მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს რაოდენობა 253-მდე გაიზარდა. რაც შეეხება 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა, რამაც შესაძლებელია მიიღოს უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამჟამად მოქმედი კანონით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე ფიზიკური ან იურიდიული პირი მიიღებს გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება. დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ნორმის გადამეტების ხელახლა დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმა, შესაბამისად, 300 და 1000 ლარამდე იზრდება. ამ მუხლების შემთხვევაში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდი იგულისხმება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით, ხმაურს მოაქვს უსიამოვნება, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ხელს უშლის ხალხის ნორმალურ აქტიურობას, ზემოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, კომუნიკაციაზე და ძილზე. გარდა ნეგატიური, სოციალურ-ფსიქოლოგიური შედეგისა, ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე.
