პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს, ირაკლი მარტინენკოს თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, რაც 1000 ლარით ჯარიმდება. ამავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს ზურაბ მახარაძეს EU-ის დროშის განმეორებით დაწვას ედავებიან, რაც 2000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ალტ-ინფოს“ ლიდერებმა თბილისის მერიის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 22 დეკემბერს, საღამოს ჩამოხსნეს და დაწვეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა პრორუსული პარტიის სატელევიზიო არხმა გაავრცელა. ვიდეოდან არ ჩანს, რომ დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე მერიის დაცვის სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა.
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ჩამოვაგდეთ ევროკავშირის დროშა და დავწვით, ანუ განვახორციელეთ ზუსტად იგივე ქმედება, რის გამოლ ლაშა შარუხია ახლა არის ციხეში. მაშინ დაგვიჭირეთ ჩვენც. მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ კამპანიის გაგრძელებას ვაპირებთ“, - განაცხადა ზურაბ მახარაძემ. „ალტ-ინფოს“ ვიდეომასალის თანახმად, პრორუსული პარტიის ლიდერები პოლიციას თვითონ დაუკავშირდნენ და ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ აცნობეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მარტინენკო და მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მათ მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
„ალტ-ინფოს“ აქტივისტი ლაშა შარუხია რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. მას აღკვეთის ღონისძების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შარუხიას 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შარუხიას დაპატიმრების შემდეგ „ალტ-ინფომ“ დაიწყო კამპანია „დაწვი ევროკავშირის დროშა“. ამის შემდეგ გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, საიდანაც ჩანს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები როგორ წვავენ EU-ის დროშებს. ამ ფორმით მათ სოლიდარობა გამიუცხადეს ლაშა შარუხიას.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, პრორუსი რადიკალების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანია „ქართული ოცნების“ მიერ არის წახალისებული. კორძაიას თქმით, მმართველი პარტია ცდილობს რუსეთს დაანახოს, რომ საქართველოში ევროპა ყველას არ უნდა. „მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით მუშაობს და ვფიქრობ, ეს ნაწილი ემსახურება იმას, რომ რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, სადაც გამოჩნდება, რომ საქართველოში ევროპა ყველას არ უნდა“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.