მედიაორგანიზაციები, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობას ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული დაფინანსებით ინარჩუნებენ, აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს რუსული კანონი, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ონლაინმედიების რედაქტორებმა საზოგადოებას ერთობლივი განცხადება გააცნეს:
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა.
რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე. იმ მედიების გაქრობა, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად ამხელენ კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახიდან, დაასამარებს დასავლურ მომავალს.
რუსული კანონმა რუსეთში უკვე გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, ქვეყნიდან განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.
ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას. დამოუკიდებელი მედია მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე“. ამ დროისთვის განცხადებას უერთდებიან: სტუდია "მონიტორი", პუბლიკა, ნეტგაზეთი/ბათუმელები, მთის ამბები / საქართველოს ამბები, On.ge, ტაბულა, პროექტი 64, Tok Tv, OC Media, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.