„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, - განაცხადა საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28-29 ნოემბერს, თბილისში, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივ დაშლასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტეტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დაგროვებული რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა“, - არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობის შედეგი უწოდა აქციის დარბევის დროს ჟურნალისტების დაშავებასაც. „ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის, ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა“, - თქვა მან.
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე სპეცრაზმის მიზანმიმართულ თავდასხმას ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა,
„რომ არ ყოფილიყო მომიტინგეების მხრიდან ძალადობა, არ იქნებოდა, არც შეკრების დაშლის საჭიროება და შესაბამისად, არც არცერთი ასეთი ფაქტი“.
„ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის, განსაკუთრებით, თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, უნდა იყოს, რა თქმა უნდა სათანადოდ გამოძიებული. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. ბუნებრივია, არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. განსაკუთრებით დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან“, - თქვა კობახიძემ.
28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დარბევის დროს სულ მცირე 20 ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულები არიან როგორც ტელეკომპანიების, ისე ონლაინმედიის თანაშრომლები.
გურამ როგავას გატეხილი აქვს თავი, სახის ძვლები და კისრის მალა მოტეხილი. „პუბლიკას“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს ცხვირზე ოპერაცია დასჭირდა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ის უკანონოდ დააკავეს და სასტიკად ცემეს.
სპეცრაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევა ღამის დაახლოებით 2 საათზე დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რომელსაც ქიმიური გამაღიზიანებლები ჰქონდა შერეული. სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-მ შეკრების თავისუფლება დაარღვია, რადგან იმ დროს, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით მოქალაქეების დაშლა დაიწყო, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. „ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
აქციაზე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობის საბაბით, 43 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებითაც.
გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. კობახიძის თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.